“”პარლამენტში და მთავრობაში ოფიციალურ მილიონერებს ვხედავთ და ამ დროს უამრავი ოჯახი მშიერი კვდება…”-2020 წელს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს მამა პეტრე კვარაცხელია აფასებს: “ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, მტკივნეულია, როცა ხელისუფლების სათავეში ოფიციალურ მილიარდერებსა და მილიონერებს ვხედავ და ამ დროს მრავალი ოჯახი მშიერი კვდება. თანაც, ეს ხდება 21-ე საუკუნეში! გამოდის, რომ ვიღაც-ვიღაცები არხეინად, უზრუნველად უნდა ცხოვრობდნენ და ისინი ხალხმა უნდა არჩინოს?!. დაპირებული ფაბრიკა-ქარხნები დროულად რომ აეშენებინათ, სამუშაო ადგილები შეექმნათ და ხალხს მინიმალური შემოსავალი ჰქონოდა, ახლა ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. აბა, რა გითხრათ?.. მე არა მაქვს უფლება, ყოველდღე ხაჭაპურს ვჭამდე, როცა ჩემ გვერდით ვიღაცას ცივი მჭადი ენატრება, – ეს სიტყვები როგორც გინდათ, ისე შეაფასეთ. ერთი რამ კი ზუსტად ვიცი: შუშის სასახლიდან ჭოგრიტით ყურება ქვეყანას ვერ ააშენებს. მოსახლეობა ხედავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მილიონებს ვეღარ ითვლიან, ამას დიდხანს ვეღარ მოითმენს და პროტესტი კიდევ უფრო მოიმატებს. თუ ამაზე არ დაფიქრდებიან, ეს ხელისუფლებაც ისე დაასრულებს, როგორც მისმა წინამორბედებმა დაასრულეს.
“არა მაქვს უფლება, ყოველდღე ხაჭაპურს ვჭამდე, როცა ჩემ გვერდით ვიღაცას ცივი მჭადი ენატრება”
2020 წელს დაშვებული შეცდომები კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე არ თუ ვერ დგას, ის ზღაპრებში ცხოვრობს და ცდილობს, მოსახლეობაც მოატყუოს. ამას პოლიტიკური გემოვნების გამო არ ვამბობ – მე თუ ვინმეს გავაკრიტიკებ, მისი საქმეების გამო გავაკრიტიკებ და ამ ხელისუფლების უნიათობაზე თუ ვლაპარაკობ, სულაც არ ნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მომწონს. მიუხედავად ამისა, არ ვაპირებ, “ოცნებას” ტაში დავუკრა, რადგან სამწუხაროდ, ხელისუფლება თვითკმაყოფილების რეჟიმშია გადასული და 8 წლის განმავლობაში თავს ასე იმართლებს – ხომ ხედავთ, ძალადობაში არ ცხოვრობთ, არავინ გაშინებთ და ამის გამო ყველა მადლობელი უნდა იყოსო… გავიგე, ციხის საკნებში პატიმრებს არ აუპატიურებენ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რომ “ქართული ოცნების” საქმიანობა მომწონდეს. თავის დროზე მათ ყველამ მხარი დაუჭირა და ნდობა გამოუცხადა, მაგრამ ეს ნდობა ვერ გაამართლეს. ახლა მხოლოდ იმის იმედი რჩება, რომ გამოჩნდება ვიღაც, ვინც ამ ქვეყანას გაუძღვება, მოუვლის და დაპირებების 90 პროცენტს მაინც შეასრულებს“.-აცხადებს პეტრე კვარაცხელია