“კრემლი საკუთარ იმპერიალისტურ ზრახვებს არ მალავს. ისინი ქვეყნებზე სამხედრო თავდასხმებით ცდილობენ აღადგინონ საკუთარი იმპერია”, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის სახელით გავრცელებული განცხადებას.
მელიას თქმით, მმართველი გუნდის წევრები „ნებსით თუ უნებლიეთ, კრემლის სცენარის მოთამაშეები აღმოჩნდნენ“.
“კრემლი საკუთარ იმპერიალისტურ ზრახვებს არ მალავს. ისინი ქვეყნებზე სამხედრო თავდასხმებით ცდილობენ აღადგინონ საკუთარი იმპერია. სწორედ ამას ვადევნებთ თვალს ჩვენ უკრაინაში, სწორედ ამასთან გვქონდა საქმე 2008 წელს საქართველოში, თუმცა მედვედევის დღევანდელი განცხადება, რომელიც მოგვიანებით წაიშალა, გასაკვირი ნამდვილად არ არის, მეტიც, საწყენი ის არის, რომ ხელისუფლება, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას, თავისი ქმედებით, საკუთარი რიტორიკით არაფერს განსხვავებულს არ საუბრობს, ვიდრე ბატონი მედვედევი და ბატონი პუტინი. დიახ, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება დღეს არ წარმოადგენს სუვერენულ ხალხს, ეს ადამიანები ნებსით თუ უნებლიედ აღმოჩნდნენ კრემლის სცენარის მოთამაშეები. ბევრი მათგანი უნებლიედ, ბევრი მათგანი განზრახ ახორციელებს კრემლის პოლიტიკას და აქედან გამოსავალი არის ერთადერთი-ქართველმა ხალხმა მშვიდობიანად, მაგრამ მტკიცედ უნდა ჩამოიშოროს ხელისუფლება, რომელიც სუვერენული არ არის და არც დასავლური ღირებულებების”,-განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში დიმიტრი მედვედევის სახელით გამოქვეყნდა პოსტი, სადაც საქართველო რუსეთის ისტორიულ ნაწილად იყო მოხსენიებული. მოგვიანებით, დიმიტრი მედვედევის თანაშემწემ, ოლეგ ოსიპოვამ განაცხადა, რომ მედვედევის გვერდი სოციალურ ქსელ „ВКонтакте“- ში გატეხეს.