„ქართულმა ოცნებამ“ პიარულად შეძლო მოეგო ოპოზიციისთვის“, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
ნინო ბურჯანაძის თქმით, არცერთ ოფიციალურ პირს საქართველოს ომში ჩაბმა არ უნდოდა და არც აწყობდა.
ამასთან, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ქმედებით საქართველოს დასავლეთს აშორებს.
„ყოველთვის ვიყავი რუსეთთან მოლაპარაკების მომხრე და ამის შემდეგაც ვიქნები, გინდა არ გინდა, უნდა ელაპარაკო. მას ამერიკაც ელაპარაკება. რეალურად, ჩემი საქმეები ყოველთვის იყო ქვეყნის სუვერენიტეტის, დასავლური ორიენტაციისადმი მიძღვნილი და ორიენტირებული. მივეღეთ ნატოს და არაფერს არ შევეწინააღმდეგობოდი. ხელისუფლება დღეს სიტყვით პროდასავლურია.
ხელისუფლება ყველა ნაბიჯს დგამს ისეთს, რომელიც საქართველოს არა თუ აახლოებს დასავლეთთან, არამედ აშორებს დასავლეთს, ყველა ნაბიჯს დგამს ისეთს, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა, ყველა ნაბიჯს დგამს ისეთს, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის შელახვას არა თუ ეწინააღმდეგება, არამედ თვალს ხუჭავს.
კითხვარი გააგზავნეს და ფეხებში მიაყოლეს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით. დახურული შეხვედრების ჩატარების უფლება აქვს ნებისმიერ ელჩს. ტაქტიკურად ქალბატონი კელი დეგნანის მხრიდან უფრო სწორი იქნებოდა, როგორც კი მან დაინახა პროვოცირებას ჰქონდა ადგილი ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, მას მაშინვე უნდა გაეკეთებინა განცხადება.
აბსოლუტურად გამოვრიცხავ იმას, რომ ვინმეს ამერიკის ოფიციალური პირებიდან რაიმე მინიშნება გაეკეთებინოს საქართველოს ომში ჩართვასთან მიმართებით. სამწუხაროდ, ოპოზიციამ ვერ შეძლო სწორად წარემართა კამათი ხელისუფლებასთან. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დღეს დარწმუნებულია იმაში, ოპოზიცია რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ომს დაიწყებდა. „ქართულმა ოცნებამ“ პიარულად შეძლო მოეგო ოპოზიციისთვის“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.