თქვენი თავდებობის ქვეშ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაიყვანონ – პაჭკორია მეცოლას და მიშელს მიმართავს

საქართველოს კლინიკების ასოციაციის დამფუძნებელი, ვილი პაჭკორია ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს,  რობერტა მეცოლას მიმართავს.

კლინიკების ასოციაციის სახელით ის ადრესატებს სთხოვს გახდნენ გარანტორები, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ჰუმანიტარული მიზნით, მათი თავდებობის ქვეშ, ევროპის ან აშშ-ის კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანონ.

საქართველოს  სახალხო დამცველის და სხვა დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნების თანახმად: პატიმრობაში მყოფ საქართველოს ექსპრეზიდენტს – მიხეილ სააკაშვილს, დაუდგინდა 14 სხვადასხვა დაავადების დიაგნოზი, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დიდია რისკი ჩამოყალიბდეს კორსაკოვის სინდრომი, რაც გამოიწვევს პაციენტის სამუდამო ინვალიდიზაციას.

არსებული მდგომარეობის შეფასებისა და ანალიზის შედეგად, ჩნდება რეალური საშიშროება, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მხრივ განვითარდეს შეუქცევადი  პროცესები, მის ორგანიზმში ხანგრძლივი დროით მოცირკულირე ენდოტოქსინების გამო, მაღალია კანცეროგენეზის რისკი. ფსიქოლოგიური სტრესითა და პოლიორგანული ფუნქციის დარღვევით გართულებული პაციენტის საქართველოში მართვა პრაქტიკულად შეუძლებელია, შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების სიმწირის გამო. მისი, სრულფასოვანი მკურნალობა და რეაბილიტაცია შესაძლებელია, მხოლოდ  საზღვარგარეთ.

საქართველოს ექსპრეზიდენტის  მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და მატულობს პაციენტის სიცოცხლისათვის საშიში რისკები.

გთხოვთ, გახდეთ გარანტორი, მასზედ, რომ იგი თქვენი პოლიტიკური თავდებობის ქვეშ, ჰუმანიტარული მიზნით გადაყვანილი იქნას ევროპის ან ამერიკის მაღალკვალიფიციურ კლინიკაში სამკურნალოდ და სარეაბილიტაციოდ. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვეა “ვივა მედშია” გადაყვანილი, თუმცა მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება. ოჯახიც და ადვოკატებიც მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share