საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების მოლოდინშია. ცენტრ “ემპათიას” განცხადებით, პროცესი უკვე დაიძრა და ახლა ჯერი რეგულირების სააგენტოზეა. სწორედ ამ უწყებამ უნდა გასცეს ნებართვა მიხეილ სააკაშვილთან კვალიფიციური საერთაშორისო სპეციალისტების დაშვებაზე.
ამასობაში მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ექსპერტების განცხადებით, მკურნალობის მიუხედავად პოზიტიური შედეგი არ დამდგარა.
“მივმართეთ დარგობრივ ასოციაციებს ორი ამერიკელი ექსპერტის ლიცენზიასთან დაკავშირებით რეკომენდაციისათვის. ველოდებით დღეს რომ უკვე იქნება ეს რეკომენდაციები მზად და დღესვე ცენტრი “ემპათია” გადაგზავნის ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში ყველა დოკუმენტაციას, რაც საჭიროა ლიცენზიის აღიარებისათვის. ასევე, მივმართეთ საგამოძიებო სამსახურს. ჩვენ გვჭირდება ექსპერტიზისათვის ის ვიდეომასალა, რომელიც მათ გააჩნიათ და ეს ეხება მე-12 დაწესებულებიდან მის “გადაყვანას” მე-18 დაწესებულებაში. ასევე, თუკი არსებობს ვიდეოჩანაწერი გორის სამხედრო ჰოსპიტალში განხორციელებული ძალადობის ფაქტის შესახებ”, – თქვა “ემპათიას” ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა.