სტოლტენბერგი: თუ პუტინი გაიფიქრებს, რომ მსგავსი რამ გააკეთოს ნატო-ს ქვეყანასთან, რაც გააკეთა საქართველოს, მოლდოვას ან უკრაინის შემთხვევაში, მაშინ მთელი ნატო ჩაერთვება

უკრაინის ომი ყველაზე საშიში მომენტია ევროპისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და რუსეთის გამარჯვება დაუშვებელია, – განაცხადა ხუთშაბათს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

იმისათვის, რომ მოსკოვმა არ მიაღწიოს წარმატებას, მან თქვა, რომ ნატო-ს და მის წევრებს შესაძლოა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მოუწიოს უკრაინის მხარდაჭერა იარაღით და სხვა სახის დახმარებით.

“ჩვენს ინტერესშია, რომ ამგვარმა აგრესიულმა პოლიტიკამ წარმატებას არ მიაღწიოს”, – განაცხადა ნორვეგიის ყოფილმა პრემიერმა მშობლიურ ქვეყანაში საუბრისას.

“ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა, მაგრამ ბევრად უარესი იქნება, თუ რუსეთსა და ნატო-ს შორის ომი იქნება”. – თქვა მან.

იმის აღწერისას, რასაც მოსკოვი “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს, როგორც თავდასხმას მიმდინარე მსოფლიო წესრიგზე, სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსმა უნდა აღკვეთოს ომის გავრცელება.

“ეს არის ყველაზე საშიში ვითარება ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ”. – ამბობს სტოლტენბერგი.

“თუ პრეზიდენტი პუტინი გაიფიქრებს, რომ მსგავსი რამ გააკეთოს ნატო-ს ქვეყანასთან, რაც გააკეთა საქართველოს, მოლდოვას ან უკრაინის შემთხვევაში, მაშინ მთელი ნატო ჩაერთვება”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

“ეს არ არის მხოლოდ უკრაინაზე თავდასხმა, დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოზე, სადაც 40 მილიონზე მეტი ადამიანია, ეს ასევე არის თავდასხმა ჩვენს ღირებულებებზე და მსოფლიო წესრიგზე, რომელიც ჩვენ გვინდა”, – განაცხადა ნატო-ს ხელმძღვანელმა.

სტოლტენბერგმა ისაუბრა კუნძულ უტოიაზე, სადაც 2011 წელს ულტრამემარჯვენე ექსტრემისტმა 69 ადამიანი მოკლა მმართველი ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებზე თავდასხმისას. თავდასხმის შემდეგ წლების განმავლობაში ნორვეგიის პატარა კუნძული დემოკრატიული ღირებულებების შესწავლის ცენტრად იქცა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share