გურიაში ჩაის წარმოება იყიდება – ფასი $5 მლნ-ია

გურიაში მდებარე ჩაის წარმოება „ქართული ჩაი“ იყიდება. მფლობელი თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ წარმოებას, 27 ჰექტარ პლანტაციასთან ერთად ყიდის.

როგორც bm.ge-ს „ქართული ჩაის“ დამფუძნებელმა გუჯა ელგუჯაურმა განუცხადა, ბიზნესის გაყიდვის მიზეზი პროფილის ცვლილებაა, კერძოდ, კომპანიის ახალი მიმართულება ქარხნის აშენება, კომპანიის გამართვა და შემდგომ მისი გაყიდვა იქნება.

მისივე თქმით, ქართული ჩაის ღირებულება $5 მლნ-ია და მყიდველს პირობად 19 დასაქმებულის მინიმუმ წელიწად-ნახევრით შენარჩუნება დაევალება.

აღსანიშნავია, რომ ქართული ჩაი გურიაში 42 ჰექტარს ფლობს, თუმცა 15 ჰექტარი სახელმწიფოსგან იჯარით აქვს აღებული. ამასთან, კომპანიას ჩირის წარმოებაც აქვს.

„ჩვენი ქარხანა საქართველოში ყველაზე დიდია. 2015 წელს აშენდა და სრულიად თანამედროვე დანადგარებით არის აღჭურვილი. წარმოება ქარხნით, 27 ჰექტარი ჩაის პლანტაციით, რომლისგანაც 10 ტონა უმაღლესი ხარისხის, 40 ტონა პირველი ხარისხის ჩაის ვიღებთ, კომპანიის ორი ექსკლუზიური პროდუქტით იყიდება. გარდა ამისა ადგილზე ჩირის საწარმო გვაქვს, USAID-ის გრანტით არის დაფინანსებული და 1 წელში მისი გაყიდვაც შეგვეძლება. ჯამში პლანტაციები 42 ჰექტარს მოიცავს, თუმცა 15 ჰექტარი სახელმწიფოს ბალანსზეა, ამ ეტაპისთვის შესყიდვაზე წერილი გვაქვს შეტანილი.

წარმოება $5მლნ-ად იყიდება. პირობა გვაქვს, რომ მყიდველმა მინიმუმ წელიწად-ნახევრით დასაქმებულები შეინარჩუნოს, რაც შეეხება გამოხმაურებას, გასაყიდი პაკეტი ბოლომდე ჯერ არ ამიწყია, თუმცა შესყიდვის მსურველები უკრაინიდან, არაბეთიდან, რუსეთიდან არიან“, – განმარტავს „ქართული ჩაის“ დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის ჩაი საფრანგეთში ექსპორტზე რამდენჯერმე გავიდა. დამფუძნებლის თქმით, კი მოლაპარაკება უზბეკეთთანაც მიმდინარეობს. ადგილობრივ ბაზარზე „ქართული ჩაი“ „აგროჰაბში“ იყიდება.

ცნობისთვის: 2012 წელს წარმოებაში $1.5 ინვესტიცია ჩაიდო.

bm.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share