ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, თათია ნიკოლაშვილი საქართველოში რუსების მასობრივ შემოსვლას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს;
”თუ თქვენ ხედავთ, რომ საქართველოში რუსების მასობრივი შემოსვლა ხდება, თუ ხედავთ რუსული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილების უპრეცედენტო რაოდენობას, თუ ის სტუდენტი ხართ, რომელიც ბინის მეპატრონემ მხოლოდ იმიტომ გამოუშვა ბინიდან, რომ სახლი უფრო მეტი ფულის გადამხდელი ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლისათვის მიექირავებინა, თუ გინახავთ როგორ ხევენ უკრაინის დროშებს, როგორ აგრესიას გამოხატავენ მარკეტებში, ქუჩაში თუ სამარშუტო ტაქსში ჩვენი უკრაინისადმი სოლიდარობის გამო ეს რუსები – კობახიძე და საქართველოს “ხელისუფლების” წარმომადგენლები გეტყვიან, რომ საქართველოში რუსების მასობრივი შემოსვლა გეჩვენებათ, რომ თქვენ ნაცი ხართ და თქვენ ომი გინდათ.
გავრილოვის და პოზნერის მასპინძელმა კობახიძემ დღეს კრემლის მაამებელი ბრიფინგი ჩაატარა და ჩვენს ქვეყანაში შემოსული აგრესიული რუსები ქართველებისგან დაიცვა .~
3600 რუსი ინდივიდუალური მეწარმე მხოლოდ სამ თვეშია დარეგისტრირებული ჩვენს ქვეყანაში, 100- ობით ახალი კომპანია და 100 000- ობით ჩამოდიან, პარალელურად კი საქართველოს მოქალაქეები გარბიან ქვეყნიდან… გარბიან უპერსპექტივობის, სიღარიბის და იმ გაუსაძლისი ყოფის გამო, რაც დღევანდელმა “ხელისუფლებამ” შეუქმნა მათ… რუსებით გაავსეს ქვეყანა და ქართველებისგან წმენდენ…დიახ, ასეა… ამავდროულად, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორობის, მეგობრების მიმართ არ წყვეტენ ლანძღვას, კრიტიკას და ბრალდებებს…
მთელი მათი 10 წლიანი კლანური, რუსული მმართველობის მანძილზე ყველაზე ცხადი რეალობის წინაშე ვდგავართ – თუ ყველა არ ამოიღებს ხმას, თუ არ ვიბრძოლებთ და არ გავაცნობიერებთ, რომ დიახ, თითოეული ჩვენგანის ხელშია ჩვენი ქვეყნის ბედი, საბჭოთა კავშირში გავიღვიძებთ ერთ დღეს, თან ძალიან მალე. მე არ მინდა ჩემმა შვილებმა რუსეთის გუბერნიაში იცხოვრონ, მინდა დამოუკიდებელ, ძლიერ, ერთიან და ევროპული ღირებულებების, დიდი პერსპექტივების საქართველო იყოს მათი მომავალი და ამისთვის ბოლომდე ვაპირებ ბრძოლას. ” – წერს ნიკოლაშვილი.