“მექსიკის კედლის” მშენებლობა შეჩერდება – ტრამპის რა შეზღუდვებს მოხსნის ბაიდენი ემიგრანტებისთვის?

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლადარჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში ქვეყანაში დიდი ცვლილებები დაიწყება. ამის შესახებ საქართვლოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილის მთავრობის საპარლამენტო მდივანი, გია ხუროშვილი სოციალურ ქსელში წერს და ემიგრანტებს საემიგრაციო ცვლილებებისთვის ამზადებს.
როგორც ხუროშვილი წერს, ბაიდენი ტრამპის მიერ დაწესებულ 400-მდე შეზღუდვას ეწინააღმდეგებოდა და მოსალოდნელია, რომ მან ყველა მათგანი გააუქმოს.
“მოსალოდნელი საემიგრაციო ცვლილებები ბაიდენის ინაგურაციის შემდგომ, ნაწილი I.
ჯო ბაიდენი-იყო პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ 400-მდე ცვლილებას საემიგრაციო საკითხებში.
შესაბამისად ბევრი ადამიანი ელოდება თუ რა ვადებში და რა რეფორმას ჩაატარებს ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი ინაგურაციის შემდგომ?
გადაჭარბებულია იმის მოლოდინი, რომ უსაბუთო ემიგრანტებს სახლში მიუტანენ “მწვანე ბარათებს”.
რეფორმა ორ ნაწილად უნდა გაიყოს. რა შეუძლია გააკეთოს ბაიდენმა პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში და რა რეფორმებზე უნდა გააგრძელოს მუშაობა კონგრესთან და სენატთან?
ამ სტატუსის ფარგლებში, მოკლედ გაგაცნობთ იმ თემებს, რასაც ექსპერტების ვარაუდით შეეხება ცვლილებები პირველი 100 დღის განმავლობაში. (ზოგიერთ მათგანზე არსებობს სასამართლო დავებიც, (ტრამპის სარჩელები) რაც შეწყდება)
1. გაუქმდება ფორმა I-944, ე.წ. “public charge rule”, რომლის თანახმად თუკი ემიგრანტი ოდესმე სარგებლობდა ე.წ. “სახელმწიფო სოციალური ბენეფიტებით” (დაზღვევა, ფულადი დახმარება, საკვები ჩეკები….) ეს აღარ გახდება მწვანე ბარათის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
2. განახლდება ე.წ. “DACA” პროგრამა. ეს ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი-გაგრძელდება მათი სტატუსი. ხოლო მეორე ეტაპი კონგრესი განიხილავს საბოლოოდ მათთვის (და მათი ოჯახის წევრებისათვისაც კი )მოქალაქეობის საკითხს.
3. პრეზიდენტი ბაიდენი აპირებს რომ გააუქმოს ის შეზღუდვები რომელიც შეეხება “პოლიტიკური თავშესაფრის” და “დევნილის” სტატუსის მიღებას რაც ტრამპმა დაადგინა.
• ბაიდენმა განაცხადა, რომ მას უნდა მნიშვნელოვნად გაზარდოს თავშესაფრის მაძიებელთა ქვოტა (125 000- წელიწადში), თუმცა ამას დასჭირდება კონგრესის თანხმობა.
• სავარაუდოდ ის გააუქმებს ტრამპის მიერ გამოცემულ ორდერს, როდესაც თავშესაფრის მაძიებელს ამერიკა არ იღებდა და მას მექსიკაში ან სხვა მეზობელ ქვეყანაში უხდებოდა ე.წ. “საემიგრაციო რიგის” ლოდინი.
განისაზღვრება და დაჩქარდება საემიგრაციო ქეისების განხილვის ვადები.
• მშობლებს აღარ განაცალკევებენ შვილებისაგან და ისინი საემიგრაციო ციხეში იქნებიან ერთ სივრცეში.
4. შეიზღუდება იმ ადამიანების დეპორტაცია, ვისაც მართალია დარღვეული აქვთ სავიზო რეჟიმი, მაგრამ ამერიკის ტერიტორიაზე არ ჩაუდენიათ მძიმე დანაშაული. ის მოუწოდებს საემიგრაციო პოლიციას დაკავდეს იმ ადამიანების დევნით, ვინც საფრთხეს წარმოადგენენ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის და ამერიკის სახელმწიფოს ინტერესებისათვის.
5. მოხდება მოქალქაეობის პროცედურების ოპტიმიზაცია. დღეს 740 000 ადამიანი (მწვანე ბარათის მფლობელი) ელოდება თავის რიგს რომ მიიღოს მოქალაქეობა. ბაიდენი გვპირდება რომ საგრძნობლად დაჩქარდება ეს პროცედურები.
6. ის ასევე აპირებს რომ დააჩქაროს საემიგრაციო პროცედურები იმ ადამიანებისათვის, რომლებიც პანდემიის დროს იყვნენ ფრონტის წინა ხაზზე.
7. ბაიდენი ხაზგასმით აღნიშნავს ვეტერანების როლს სახელმწიფოში. ის აპირებს, რომ უკან დააბრუნოს ტრამპის მიერ დეპორტირებული ვეტერანები და მისცეს მათ საშუალება იცხოვრონ თავის ოჯახებთან ერთად.
8. გაუქმდება აკრძალვა 13 მუსლიმანური ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომელიც ტრამპმა 2017 წელს შემოიღო.
9. შეჩერდება ე.წ. “მექსიკის კედლის” მშენებლობა და სხვა ფორმებით შეუწყობენ ხელს საზღვრის კონტროლს.
პ.ს. მალე გამოვაქვეყნებ დაპირებული ცვლილებების მეორე ნაწილს, რაც მისაღებად უფრო მეტ დროს და კონგრესის და ზოგჯერ სენატის თანხმობასაც მოითხოვს. მადლობა ყურადღებისათვის!”, – წერს გია ხუროშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share