“სენტა პეტროლიუმის“ დირექტორი ზაალ იაკობიძე აცხადებს, რომ ე.წ არაბრენდირებულ, მცირე და საშუალო ზომის ქსელებში ბენზინის ფასი, დაახლოებით, 20-30 თეთრით შემცირდა და 3 ლარის ფარგლებში მერყეობს; რაც შეეხება დიზელს, ფასის კლება 30-40 თეთრის ფარგლებშია და საშუალოდ, 4.10 ლარის ფარგლებში მერყეობს.
bmg-სთან ინტერვიუში ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე თურქმენეთიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე მოგვარებულია დიზელის დეფიციტის თემაც.
“საერთაშორისო ბაზარზე ფასების მხრივ დიდი ცვლილებაა; ეს კარგი ფაქტორია გაიაფებისთვის და ლარის კურსიც შესამჩნევად გამყარდა; შესაბამისად, დაწყებულია ფასების შემცირება და ეს სახეზეა. ზოგიერთი ბენზინ გასამართ სადგურზე უკვე არის ბენზინის ფასი 3 ლარის ფარგლებში. კლება არის 20-30 თეთრი. დიზელზეც შემცირდა, დაახლოებით, 30-40 თეთრით და დღეისთვის 4.10 ლარი ღირს.
ეს ტენდენცია გრძელდება და ყოველდღიურად ხდება საბითუმო ბაზარზე ფასები კლება; შესაბამისად, თუ გაგრძელდა, ჩვენ უნდა ველოდოთ ფასების კლებას.
დეფიციტის თემაში დადებითი როლი ითამაშა თურქმენეთიდან შემოტანილმა დიზელმა. საერთაშორისო ბაზარზე ფასები დაეცა, შესაბამისად, შესაძლებელი გახდა თურქმენეთიდან შემოტანაც და დღესდღეობიღთ ის დეფიციტი რაც 1 თვის წინ შეიმჩნეოდა, აღარ არის, როცა დეფიციტი არ არის ფასები მიყვება ბაზარს”, – განაცხადა ზაალ იაკობიძემ.
ინფორმაციისთვის: საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი ივნისის დასაწყისიდან მცირდება. გუშინ კი ენერგეტიკულ ბირჟაზე ვარდნის მკვეთრი ტენდენცია დაფიქსირდა – ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულება 3%-ით, 93-დოლარიან ნიშნულამდე დაეცა; WTI Crude-ის ღირებულება კი 88 დოლარამდეა შემცირებული.
საგულისხმოა, რომ ნავთობის ფასი ახლა უკვე ოფიციალურად დაუბრუნდა ომამდელ ნიშნულს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ზუსტად 24 საათით ადრე ბარელი Brent-ის ფასი 94 დოლარი იყო; ხოლო WTI-ის ღირებულება 92 დოლარს შეადგენდა.
ნავთობის ფასების შემცირების ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით რეცესიის განვითარების რისკების ზრდაა, აღნიშნულ ნარატივს კი განსაკუთრებით აძლიერებს ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში აშშ-ის ეკონომიკა შემცირდა, ხოლო პოზიტიური პროგნოზი ანალიტიკოსებს არც მეორე ნახევართან მიმართებით არ აქვთ.