რატომ არ აკეთებს სააკაშვილი დაპირებულ განცხადებას პოლიტიკიდან და ენმ-დან წასვლაზე

ერთი კვირის წინ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ იგი ქართული პოლიტიკიდან წასვლას აპირებს და ამაზე შესაბამის განცხადებას თავად გააკეთებს. თუმცა დღემდე მესამე პრეზიდენტს არაფერი განუცხადებია. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ მართლაც ოპოზიციის ნაწილის ეჭვები სიმართლეს შეესაბამება და სააკაშვილი „ოცნებასთან” გარიგებას ცდილობს, შესაძლოა ხელისუფლებასთან მისი ეს მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ან ჯერჯერობით იმ კონდინციამდე არაა მისული, რომ სააკაშვილმა წასვლასთან დაკავშირებული განცხადება გააკეთოს.

სააკაშვილის უფლებადამცველებმა შალვა ხაჭაპურიძემ და ვალერი გელბახიანმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ ექსპრეზიდენტი პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს და შესაბამისად, ენმ-საც ტოვებს. მიზეზად ადვოკატები ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებენ.

„ის დაბეჯითებით ამბობს, რომ ქართული პოლიტიკიდან წავიდა. ასევე წავიდა მისი პარტიიდან და არ უნდა ქართულ პოლიტიკასთან რაიმე საქმე ჰქონდეს. როგორც თვითონ ამბობს, არის რამდენიმე ფაქტორი. ამ ფაქტორებს ახლა დეტალურად არ ასახელებს, თუმცა, როგორც ვიცი, აპირებს საჯარო განცხადების გაკეთებას.

„ნაციონალური მოძრაობის” 29-ვე დეპუტატს შეუძლია, ცალ-ცალკე შევიდეს, ცალ-ცალკე დაელაპარაკოს, ან შექმნან რაღაც დელეგაცია, ჯგუფი და შევიდნენ და შეეკითხონ სააკაშვილს მისი პოზიცია და დააზუსტონ ეს. ტყული რატომ უნდა ვთქვათ?!” – განაცხადა ხაჭაპურიძემ „ტვ პირველთან” ინტერვიუში.

„ნაცმოძრაობის” რეაქცია და ოპოზიციის ნაწილის ეჭვები

ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თავად სააკაშვილის გადაწყვეტილებას და განხადებას ელოდება, პროცესი კი რაც მიდის პოლიტიკიდან სააკაშვილის წასვლა-არწასვლასთან დაკავშირებით, ენმ-სა და ოპოზიციისთვის დამაზიანებელია.

„ველოდებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, უშუალოდ გადაწყვეტილებას. ეს პროცესი უკვე დამაზიანებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის” და მთლიანად ოპოზიციური სპექტრისთვის, რადგან სივრცეები სულ უფრო და უფრო მეტი რჩება სპეკულაციისთვის, ნიჰილიზმისა და დეპრესიული ბაცილების უხვად…

„პარტია „ნაციონალურ მოძრაობას” რომ მხარდამჭერების სხვადასხვა ჯგუფები ჰყავს, ეს ჩვენი სიძლიერეა, ვინაიდან ჩვენ გვაერთიანებს ერთი ძირითადი იდეა – ამ ქვეყნის გამოყვანა მოჯადოებული წრიდან. თქვენთვისაც, ჩვენთვისაც, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მისი პოზიცია და დამოკიდებულება. უბრალოდ ის, რაც ახლა ხდება, ისედაც წყალი არ აკლია ივანიშვილის წისქვილს და სულ უფრო და უფრო მეტი წყალი ისხმება მის წისქვილზე ახლა.

„ევროპული საქართველოს” წევრი აკაკი ბობოხიძე კი ეჭვობს, რომ სააკაშვილის ადვოკატად შალვა ხაჭაპურიძის აყვანას, რომელიც „ქართული ოცნების” ყოფილი წევრია, მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – იქნებ მან „ქართულ ოცნებასთან” რამენაირად ურთიერთობა დაალაგოს.

„შალვა ხაჭაპურიძე ძლიერი იურისტია, ოღონდ ამ წუთში მისი ძლიერი მხარე არის „ქართულ ოცნებასთან” დალაგება. მიხეილ სააკაშვილს ამის უფლება აქვს, მან სიცოცხლე უნდა გადაირჩინოს, ოღონდ, მე ვეუბნები ხალხს – ასეთი კაცი არ არის ლიდერი, თუ ასეთი კაცი კონკრეტულ სიტუაციაში სამშობლოსთვის თავგანწირვასა და საკუთარ პერსონას შორის თავის თავზე აკეთებს აქცენტს, ის ჩემთვის ლიდერი ვერ იქნება.

„რატომ ვუსმენთ ადვოკატებს? პირდაპირ მიხეილ სააკაშვილს რომ მოვუსმინოთ არ შეიძლება? უკრაინაში ომის დაწყებამდე ორი თუ სამი თვით ადრე სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე გააკეთა განცხადება, რომ თუ გამიშვებთ, მე პოლიტიკურ აქტივობას შევწყვეტ და ჩემი პარტიაც კი შეწყვეტსო. ანუ რა თქვა სააკაშვილმა? მე თუ გამიშვებთ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აქტივობას მეც და ჩემი პარტიაც შევწყვეტთო. ანუ, მთავარია, მე გადავრჩე, თორემ, ბიძინა იყოს საქართველოშიო, ამას დათანხმდა. საკუთარი პარტია კი არა, ქვეყნის გაწირვას აპირებს ბიძინა ივანიშვილის სამკვიდროდ. თუ გაუშვებენ, ბიძინა დარჩესო”, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსთან”.

„ოცნებას” სააკაშვილის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება

სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ექსპრეზიდენტის გულრწფეობაში ეჭვი ეპარება.

„ნამდვილად არ ვიცი რამდენად გულწრფელია მიხეილ სააკაშვილი და წავიდა თუ არა ის პოლიტიკიდან. ამას მე ვერ განვსჯი და არც არის ჩემი საქმე. მისი მხარდამჭერები გაცილებით მეტია „ნაცმოძრაობაში”, ვიდრე სხვა დანარჩენი. ალბათ ამანაც გამოიწვია შიდა დაპირისპირება და ეს დიდი ხანია ხდება. უბრალოდ, ახლა გამოვიდა გარეთ, ვეღარ დამალეს.

„ვაღიაროთ ერთი რამ – მხარდამჭერების დარჩენილ მცირე რაოდენობაში დიდი ნაწილი მაინც სააკაშვილის მხარდამჭერებია. ეს იციან პარტიის წევრებმაც და დაპირისპირების დროს ამას უფრთხილდებიან. ფაქტი ერთია, რომ „ნაცმოძრაობის” დაშლის შეუქცევადი პროცესი უკვე დაწყებულია”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მიდის თუ არა ფარული მოლაპარაკება

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან” საუბარში ამბობს, სააკაშვილის ადვოკატების განცხადებები ნიადაგის მოსინჯვა იყო როგორც საზოგადოებაში, ისე ხელისუფლებაში. მისივე თქმით, გამორიცხული არაა, რომ ხელისუფლებასთან კულუარული მოლაპარაკებებიც მიდიოდეს და სააკაშვილის დუმილი შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ სიტუაცია ან ჩიხში შვიდა, ან ჯერჯერობით ბოლომდე არაა მიყვანილი, რომ წასვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთოს.

„განცხადებები, რაც ადვოკატების მხრიდან გაკეთდა, როგორც ჩანს, მაინც ნიადაგის მოსინჯვა იყო საზოგადოების რეაქციაზე. ამასთანავე, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებასთან სწორედ ამ თემაზე კულუარული მოლაპარაკებებიც იყო. სააკაშვილი ელოდებოდა იმას, თუ რა რექცია ექნებოდათ, ან პროცესი როგორ განვითარდებოდა, ძირითადად ალბათ მაინც ხელისუფლებასთან მოლაპარაკება რამდენად შესაძლებელი იქნებოდა და განცხადებას ამის შემდეგ გააკეთებდა.

„როგორც ჩანს, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ან ჯერჯერობით იმ კონდინციამდე არაა მისული, რომ სააკაშვილმა ეს განცხადება გააკეთოს. საზოგადოებასთან ურთიერთობაში მათ პრობლემა არ ექნებათ. ის ამომრჩეველი, რომელიც სააკაშვილს მხარს უჭერდა, მისგან ნებისმიერ გადადგმულ ნაბიჯს მიიღებს. აი, ხელისუფლებასთან კი, როგორც ჩანს, პრობლემები შეიქმნა და ეს პროცესი მინიმუმ შეჩერდა.

„არ გამოვრიცხავ, რომ ეს პროცესი გარკვეული დროის შემდეგ ისევ დაიწყოს. თუმცა, ჩემი აზრით, ხელისუფლება ამ ნაბიჯს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა მართლაც სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება და შესაძლო იქნება, რომ ფატალური შედეგი დადგეს. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება ეცდება, რომ ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაუშვას. სხვა შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ამ ნაბიჯს არ გადადგამს.

„ქართულ ოცნებას” ასეთი სააკაშვილი ურჩევნია, ციხეში რომ ჰყავდეს. თუ ჩათვლიან, რომ მისი გაშვება მომგებიანია – გაუშვებენ. თუ ჩათვლიან, რომ მისი ციხეში ყოფნა სჯობს – ციხეში იქნება. „ქართული ოცნებისთვის” სააკაშვილი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, არც პოლიტიკური თვალსაზრისით, არც როგორც ოპოზიციური ლიდერი და საერთოდ არანაირად.

„რაც შეეხება ენმ-ს, იქ საქმე სხვადასხვაგვარადაა. ალბათ პარტიის ნაწილს ურჩევნია, რომ სააკაშვილი საზღვარგარეთ წავიდეს, მაგრამ მეორე ნაწილიცაა, რომელიც თვლის, რომ მისი საბოლოო გათავისუფლებისთვის უნდა იბრძოლონ”, – განაცხადა ძაბირაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share