საარჩევნო ადმინისტრაცია ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საარჩევნო ადმინისტრაცია ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის მიერ ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური ინსინუაციების მიზეზი გახდა.

„კერძოდ, პოლიტიკურად დაინტერესებული პირების მხრიდან ისმის მოსაზრებები, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლოა იყოს ცესკო-ს მოქმედი წევრების პოლიტიკური მიკერძოება ან 2021 წლის არჩევნების ხარვეზებით ჩატარების ხაზგასმა. აღნიშნული კი აზიანებს არა მხოლოდ კონკურსში მონაწილე კონკრეტული პირების პროფესიულ ღირსებას, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის რეპუტაციას.

ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განმარტება მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მან იხელმძღვანელა პოლიტიკური მოტივებით. პრეზიდენტი ეჭვქვეშ არ აყენებს ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის პროფესიონალიზმს, ასევე აფასებს მის გამოცდილებას და საქმიანობას, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ მისი გადაწყვეტილების მიზანი, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარის, ისე წევრების შემთხვევაში, იყო საკონკურსო თანამდებობებზე უფრო ფართო პოლიტიკური კონსენსუსით შერჩეული კანდიდატურების გამოვლენა. ეს კი არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში, როცა კანდიდატების მიმართ აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებით მათი დისკრედიტაცია ხდება, საკმაოდ რთულად მისაღწევია. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის კვლავ არიან საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენ კოლეგებს კონკურსის შემდეგ ეტაპზე. ვფიქრობთ, მათი კანდიდატურების წარდგენა საარჩევნო ადმინისტრაციის კიდევ ერთი აღიარება და იმის დასტურია, რომ უწყების სანდოობის პრობლემა არ დგას.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მუშაობს დემოკრატიული პრინციპების დაცვით, მაღალი პროფესიული სტანდარტით, გამჭვირვალედ და სამწუხაროა, რომ ამ ინსტიტუციის და მისი წარმომადგენლების საქმიანობის შეფასება არა ობიექტური კრიტერიუმებით, არამედ პოლიტიკური მოტივებით ხდება.

აქვე გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ პრეზიდენტის მიერ კონკურსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაცია და მისი თავმჯდომარე, კანონის შესაბამისად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მოქმედი თავმჯდომარე, ისევე როგორც ცესკო-ს ორი წევრი, მოვალეობას შეასრულებენ იმ დრომდე, სანამ კანონმდებლობის დაცვით მათი შემცვლელები არ იქნებიან არჩეულნი“, – ნათქვამია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share