ნუ მანიპულირებთ ქართული ღირებულებებით! – ენმ-ს ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე დღეს საქართველოს ხელისუფლებას სპეციალური განცხადებით მიმართა, სადაც იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოდინებას ახლავს თან.
ნიკა მელიას განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
“რუსეთ-საქართველოს ბოლო ომის – აგვისტოს ომის დაწყებიდან 14 წლის თავზე, საქართველო სამწუხაროდ სრულად ოკუპირებულია რუსული რბილი ძალისა და უსამშობლო ქართველების – საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი რუსული ოცნების ხელით!
დიახ, რუსეთმა იარაღის ძალით, სამხედრო ძალით 20 %-ის ოკუპაცია შესძლო 90-იანი წლების დასაწყისში. და რაც მტერმა ვერ შეძლო იარაღის ძალით, ის შეძლო რბილი ძალით. ამ ბოლო წლებში, ამ ხელისუფლების პირობებში!
ხელისუფლების, რომელიც სათავეში მოვიდა „ქართული ოცნების“ სახელით, მაგრამ საქმით წარმოადგენს რუსულ ოცნებას – რუსების ახდენილ ოცნებას!
ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც მკაფიოდ არც ერთხელ არ უთქვამს რომ რუსეთი ოკუპანტია!
ჩვენ გვმართავენ უსამშობლო კაპიტულანტები, კოლაბორაციონისტები, რომლებმაც გადალახეს მორალური გახრწნის ზღვარი და უკვე აღარც სცხვენიათ! ღიად და ურცხვად ემსახურებიან მტერს!
გვყავს რუსეთის ოცნების ხელისუფლება, რომელიც მზადაა დაესხას თავს ყველასა და ყველაფერს, ისაუბროს ზიზღის ენით ჟურნალისტებთან, ევროპარლამენტარებთან, სენატორებთან,კონგრესმენებთან, უკრაინის ხელისუფლებასთან, და ახლა უკვე საკუთარ ხალხთან და ეს ყველაფერი კეთდება პუტინის რეჟიმის მხარდამჭერი რუსების დასაცავად.
რუსული ოცნების პარტ მუშაკები ერთ ხმაში საუბრობენ ქსენოფობიასა და შოვინიზმზე!
საკუთარ ხალხს ადანაშაულებენ ქსენოფობიაში!ეს უსამშობლო ქართველები ერთეულ პროვოკატორად ასაღებენ მას, ვისაც შეუძლია 5 ათასი რუსის დარაზმვა ქართული ბიზნესის წინააღმდეგ, მხოლოდ იმიტომ რომ ის ქართული ბიზნესი მათგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას ითხოვს.რუსეთის ოცნებისაა ხელისუფლება, რომელიც ეუბნება ქართველ ხალხს, არ უპასუხოთ რუსს, რომელსაც არ მოსწონს თქვენი ქართული ბიზნესი და თქვენი წესები, და ის თუ აზარალებს თქვენს ბიზნესს, იგი- ან რუსების სურვილებს მოარგეთ, ან დახურეთ ბიზნესი.
ამ ხელისუფლებისთვის ეროვნული ღირსების დაცვა – ქსენოფობია და გოიმობაა, ეროვნული ინტერესების დაცვა – პროვოკაციაზე წამოგებაა!
რუსული ოცნების ხელისუფლებისთვის ეროვნული ინტერესების დაცვა ომში ჩათრევის მცდელობაა, მშვიდობა კი მხოლოდ კაპიტულაციით მიიღწევაჩვენ გვყავს რუსეთის ოცნების ხელისუფლება, რომლისთვისაც კომფორმულობა ცხოვრების წესია, რომლისთვისაც გამოთქმა: ჩათრევას ჩაყოლა ჯობია ცხოვრებისა და საქმიანობის კრედოა.
უსამშობლო პარტია რუსული ოცნების ქართველი ლიდერები გამოდიან და სტატისტიკით ჟონგლიორობენ! რომ თურმე წელს ბევრად ნაკლები რუსი ტურისტია ქვეყანაში, ვიდრე 2019 წელს იყო!
ყურს იყრუებენ და თვალს იბრმავებენ, არ უნდათ დაინახონ ის საფრთხე რაც გულს უხეთქავს ამ ქვეყნის ყოველ მოქალაქეს პარტიული კუთვნილების მიუხედავად!ჯიუტად არ აღიარებენ იმ საფრთხეს, რომელიც თან ახლავს რუსი მოქალაქეების ნაკადს, არა ტურისტების, არამედ იმ ადამიანების, რომლებიც ქვეყანაში რჩებიან და მკვიდრდებიან, ყიდულობენ ბინებს, არეგისტრირებენ კომპანიებს, იღებენ ბინადრობის მოწმობებს, ან არც სჭირდებათ ბინადრობის მოწმობა, იმიტომ რომ საქართველოში მთელი წელი, მთელი წელი შეუძლიათ დარჩნენ ვითომ „ტურისტულად“ !
რუსეთის მოქალაქეებს ასეთი პირობები არ აქვთ არსად! არც სომხეთში, არც აზერბაიჯანში! ოკუპირებულ ცხინვალშიც კი!რუსული ოცნების უსამშობლო პარტიის ლიდერები გვიმტკიცებენ, რომ საქართველოში შემოსულ-დამკვიდრებული ათეულ ათასობით რუსი, პუტინის რეჟიმს გამოქცეულია! არადა, ყველამ კარგად ვიცით, რომ საზღვარზე ვისაც აკავებენ და საქართველოში არ უშვებენ, სწორედ
დეკლარირებულად ანტიპუტინისტი, დისიდენტი რუსები არიანრა არის გამოსავალი? ამ სიტუაციიდან ერთადერთი რეალური გამოსავალია – რუსული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა.რა თქმა უნდა ნორმალური ხელისუფლების პირობებში ბევრი გამოსავალი იარსებებდა, გულუბრყვილობას არ ვაპირებთ და კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად არანაირ მოთხოვნას უსამშობლო რუსულ ოცნებას არ ვუყენებთ!
უბრალოდ მსურს ვიცოდეთ რას გააკეთებდა და მომავალში რას გააკეთებს ნორმალური ხელისუფლება: ნორმალური ეროვნული ხელისუფლება, გამჭვირვალეს გახდიდა საქართველოში შემოსული ვიზიტორების ვიზიტების მიზნობრიობას! მოახდენდა ვიზიტების მიზნობრიობის ლუსტრაციას.
შეზღუდავდა რუს მოქალაქეებზე ბინების გაყიდვას, ბიზნესის რეგისტრაციას და ბინადრობის მოწმობის გაცემას- თუ ისინი არ აღიარებდნრნ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრებს და იმას რომ რუსეთი ოკუპანტია და ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%.სწორედ ეს იქნებოდა მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქე, აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და არ უქმნის მას საფრთხეს.
ნორმალური, ეროვნული ხელისუფლება ასევე შეზღუდავდა ტურისტული ვიზიტის ხანგრძლივობას ერთ თვემდე და ბოლოს, უსამშობლო რუსული ოცნების გასაგონად!
ნუ მანიპულირებთ ქართული ღირებულებებით!
ყველა პატივს ვცემთ სტუმარ-მასპინძლობის ძირძველ ქართულ ტრადიციას, თუმცა თუ სტუმარი რჩება ჩვენს ოჯახში, წლების განმავლობაში უნდა მიიღოს და იცხოვროს ჩვენი წესებით, ისწავლოს ენა, აღიაროს ქვეყნის საზღვრები.
ამაზე დგას ქართული იდენტობა, ეროვნული ღირსების შენარჩუნებასა და დაცვაზე. რაც, თითოეული ჩვენთაგანის ვალია.” თქვა მელიამ.