აგვისტოს ომიდან 14 წლის თავზე, რუსული სამთავრობო მედია ТАСС ოკუპანტი ქვეყნის ნარატივს განაგრძობს და წერს, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს:
“ზუსტად 14 წლის წინ, ქართული ჯარები თავს დაესხნენ სამხრეთ ოსეთს და რუს სამშვიდობოებს რეგიონში, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა გამოაცხადა ოპერაცია საქართველოს მშვიდობისკენ იძულებისთვის. შედეგი იყო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის სამხედრო დამარცხება და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება”- ნათქვამია სტატიაში.
2008 წლის მოვლენების წლისთავთან დაკავშირებით, მედვედევმა, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს, უპასუხა ТАСС-ის კითხვებს დასავლეთსა და საქართველოს პერსპექტივებზე.
მედვედევის მტკიცებით, რუსეთ-საქართველოსა და რუსეთ-უკრაინის ომი ერთი საერთო ჯაჭვია და მის უკან დასავლეთი დგას.
“ეჭვგარეშეა. ეს არის ერთიანი პროცესი და საერთო გეგმა, რომელიც მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ. ის მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთის, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატების და სხვა ანგლო-საქსური ქვეყნების სურვილი, დაეძაბა სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში. როგორ? მეზობლების მეშვეობით, რუსეთის საზღვრებთან ახლოს. ამერიკელები იყვნენ დაკავებულნი ქართული შეიარაღებული ძალების წვრთნით და ამ პროცესში დიდ ფულს დებდნენ. იქ დიდი რაოდენობით ინსტრუქტორები გაგზავნეს ქართული ჯარის მობილიზებისთვის. იარაღით იყვნენ დატვირთული. ფაქტობრივად, ისინი უბრალოდ უბიძგებდნენ სააკაშვილს აგრესიის განსახორციელებლად სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ. იმის ნაცვლად, რომ დაერწმუნებინათ ის, გამოენახა მშვიდობიანი გზა იქ მომწიფებული ყველაზე რთული ეთნიკური კონფლიქტისთვის…
მახსოვს, როგორ შეიცვალა ამერიკელების გავლენით მისი [სააკაშვილის] პოზიცია 2008 წლის ზაფხულში მშვიდობიანი მოგვარების შესახებ: პრობლემის გადაჭრის გზების ძიების გამოხატული სურვილიდან “თამაშგარე პოზიციაზე” გადასვლისკენ. იმავე წლის ივლისის ბოლოდან მან საერთოდ შეწყვიტა ურთიერთობა. სააკაშვილის ბრალი იყო, რომ ჩაიშალა კონფლიქტის მოგვარების რთული, გაჩერებული პროცესი, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით მოხდა. მოლაპარაკებების ყველა ეტაპზე რუსეთი მოუწოდებდა არ გამოეყენებინა ძალა, ასევე, მივმართეთ ქართულ მხარეს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საჭირო შეთანხმებების დადების წინადადებებით. ეს ინიციატივები, სამწუხაროდ, უგულებელყო ოფიციალურმა თბილისმა, რეალურად კი ნატომ, რომელიც მის უკან იდგა და გაერომაც კი.
ახლა კი აგრძელებენ ვარჯიშს უკრაინაზე, რომლის ბედი მათ აბსოლუტურად არ აინტერესებთ. მიზანი ერთია – რუსეთის განადგურება. ეს არის დასავლეთის მიერ ინიცირებული უკიდურესად აგრესიული, რუსოფობიური გეოპოლიტიკური პროცესის ძირითადი მიზეზი”, – ამბობს მედვედევი.
“როგორც საქართველოს შემთხვევაში, ამერიკელებმა, ასევე, განზრახ გააძლიერეს კიევში დაუსჯელობის განცდა, წაახალისეს დონბასში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა”, – ამბობს მედვედევი.
ომის კონტექსტში მედვედევი ამტკიცებს:
“თუ არსებობს პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების შესაძლებლობა, მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს უნდა გაკეთდეს. მაგრამ როცა გამოსავალი არ არის, ძალით უნდა უპასუხო. სამწუხაროდ, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, ამ ქვეყნების ხელისუფლებამ რუსეთს არჩევანი არ დაუტოვეს, რითაც ჩაშალა ამ კონფლიქტების პოლიტიკური მოგვარების პროცესები. და ჩვენ განზრახ წავედით სამხედრო ინტერვენციაზე.
არც მაშინ და არც ახლა მე ეჭვი არ მეპარებოდა და არც მე მეპარება ეჭვი შეიარაღებული აგრესიის ჩახშობის და რუსული ჯარების სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეყვანის გადაწყვეტილების სისწორეში. ქართულმა ჯარებმა უხეშად დაარღვიეს საერთაშორისო სამართალი და მანდატები, რომლებიც მსოფლიო თანამეგობრობამ რუსეთს, როგორც პარტნიორს მშვიდობიან დარეგულირებაში მიანიჭა. მათ ცეცხლი გაუხსნეს ადამიანებს, რომელთაგან ბევრს რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა.
თავდასხმა ცხინვალზე და ამ რესპუბლიკის სხვა დასახლებებზე დაიწყო მოულოდნელად და ამაზრზენად – საარტილერიო დარტყმებით საცხოვრებელ შენობებსა და სამოქალაქო ობიექტებზე. საავადმყოფოებისადა სკოლებზე. რუსი სამშვიდობოების განცხადებით. ამგვარად, ვაშინგტონის მიერ კონტროლირებად მარიონეტულმა რეჟიმმა გადაწყვიტა სამხრეთ ოსეთს მიეღოთ მათი გაგება „დემოკრატიისა“ და „ჰუმანიზმის“ შესახებ. და მთელი ერის განადგურების ფასად ძალით დაებრუნებინათ საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ვალდებული ვიყავით გვეპასუხა.
ის, რომ ჩვენ სწორად მოვიქეცით, დადასტურდა მოვლენების მთელი შემდგომი მიმდინარეობით. მათ შორის, აგრესიული დოქტრინების სამარცხვინო წარუმატებლობით, რომლის განხორციელებასაც მათი საცოდავი ლიდერი ცდილობდა ასეთი მღელვარებითა და ზეწოლით. მცირე ხნის შემდეგ ის საკუთარმა ხალხმა უარყო. თუმცა დიდი ხანი არ იყო უსაქმოდ და სიამოვნებით მიჰყიდა თავი უკრაინის “ნარინჯისფერ” ფიგურებს. მათი რუსოფობიური პოლიტიკის შედეგს დღეს ამ ქვეყანაში ვხედავთ”- თქვა მედვედევმა.
მედვედევმა უკრაინასა და საქართველოში ჩადენილ სისასტიკეზე პარალელი გაავლო და თქვა:
“საუბარი იყო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაცვაზე, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. დავიცვათ ისინი სააკაშვილის აგრესიისგან, მივიღეთ მთავარი – მშვიდობა. ამიტომ ფანტაზიებს სუბიექტური განწყობით თემაზე „რა მოხდებოდა ჩვენ რომ არა“ უაზროდ მიმაჩნია. იგივე ეხება ყირიმს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება ნახევარკუნძულის ჩვენს ქვეყანაში დაბრუნების შესახებ. ნება მომეცით შეგახსენოთ, მხარს უჭერს მისი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საერთაშორისო სამართლის მკაცრი დაცვით. ჩვენ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ: დავეხმარეთ ხალხს და გავაძლიერეთ ჩვენი სამშობლო – რუსეთი”- აღნიშნავს მედვედევი.
ინტერვიუს ბოლოს მედვედევი ამბობს, რომ “სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებლები არიან” და მისი თქმით, ეს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასაც კარგად ესმის.