ჩვენმა ქვეყანამ ევროპული პერსპექტივის მოპოვება შეძლო და ამას ნუ ვაუფასურებთ – ამის გაუფასურება იმას ნიშნავს, რომ აუფასურებ ქართველი ხალხის არჩევანს ევროპისაკენ, – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, საქართველოს სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიეცა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგი, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა და ევროპული პერსპექტივა, „რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპული სტრუქტურები საქართველოს ხელისუფლებასა და ქვეყანას ენდობა“.
„თქვენ იცით, რას ნიშნავს ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მონიჭება? ნუ გააუფასურებთ იმას, რასაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია. ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ევროპული პერსპექტივის მოპოვება და ამას ნუ ვაუფასურებთ! ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ობიექტურად და დამსახურებულად რომ გვეკუთვნოდა და არ მოგვცეს, ამის მიზეზები ჩვენთვისაც გასაგებია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, რაც ცხადია. ჩვენ გვაქვს გაგება იმ პროცესებისადმი, რაც არსებობს და რატომაც ჩვენ ეს სტატუსი არ მოგვცეს. ვაკეთებთ ყველაფერს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.