სააგენტო bm.ge-ს ინფორმაციით, 2022 წლის პირველ ნახევარში, რუსეთიდან ფულადი გზავნილები, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 306%-ით გაიზარდა, ხოლო 2020 წელთან შედარებით 414%-ით.
მიმდინარე წლის 6 თვეში რუსეთიდან ფულადი გზავნილების ოდენობამ ჯამში დაახლოებით 750 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2022 წლის პირველ ნახევარში რუსეთის წილი ფულადი გზავნილებში 42%-ს შეადგენდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
ექსპერტების განმარტებით, ზრდა შესაძლოა უკავშირდებოდეს შემდეგ ფაქტორებს – რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა დაიწყეს თავიანთი დანაზოგების საქართველოში გამოგზავნა რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ. მეორე ფაქტორი კი რუბლის გაცვლითი კურსია.
რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა და აშშ დოლარზე შეზღუდულმა წვდომამ გამოიწვია ცვლილებები რუბლის გაცვლით კურსში. შედეგად, რუბლის ოფიციალური გაცვლითი კურსი განსხვავდება შავ ბაზარზე არსებული კურსისგან, რაც არბიტრაჟის შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაიწყო საქართველოში რუბლის სახით თანხის გამოგზავნა, აშშ დოლარში გადახურდავება, გადახურდავებული დოლარის რუსეთში დაბრუნება და მოგების მიზნით შავ ბაზარზე გაყიდვა.