ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს ლინკევიჩსი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ ევორპაში, ან სხვა ცივილიზებული ქვეყნებში მოგზაურობის უფლება, მანამ სანამ მოსკოვი აგრძელებს აგრესიას უკრაინაში.
“რუსებისთვის ევროპაში ან ნებისმიერ სხვა ცივილიზებულ ქვეყანაში მოგზაურობა არ არის მემკვიდრეობითი და ღვთიური უფლება, არამედ პრივილეგიაა, რომლითაც არ უნდა ისარგებლონ სანამ რუსეთი აგრძელებს აგრესიას.
ერთი ნაბიჯი რუსეთის შესაჩერებლად არის ის, რომ ფართო საზოგადოებამ იგრძნოს სანქციების და მოგზაურობის აკრძალვის შედეგები”, – წერს ლინკევიჩსი.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ ესტონეთისა და ფინეთის ლიდერებმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდეს შეწყვიტონ ტურისტული ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის. ევროკავშირი აპირებს შეისწავლოს რუსებისთვის ვიზების გაცემის საკითხი, ამ თვის ბოლოს, შინაგან საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე.