ე.წ. კრებსების საქმეზე პროკურატურამ 41-დან 23 ჟურნალისტი დაზარალებულად ცნო – მედიაომბუდსმენი

“მედიაომბუდსმენის” განცხადებით, უკანონო მიყურადებისა და ფარული მოსმენების საქმეში ფიგურანტი 41 ჟურნალისტიდან პროკურატურამ 23 დაზარალებულად ცნო. დაზარალებულად ცნობას კიდევ 11 ჟურნალისტი ითხოვს.

საქმე ეხება 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ ე.წ. კრებსებს, რომელშიც დაახლოებით 58 000-მდე ფაილი იყო.

10 ჟურნალისტის სახელით საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც გაიგზავნა.

 

“მედიაომბუდსმენი უკანონო მიყურადების და ფარული მოსმენების საქმეზე მთლიანობაში 41 ჟურნალისტს იცავს. მასშტაბური მოსმენების და უკანონო თვალთვალის სამიზნედ ჟურნალისტები სხვადასხვა გავლენის და სარედაქციო პოლიტიკის 14 მედიასაშუალებაში (საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო რადიო თავისუფლება, მთის ამბები, ონლაინგამოცემა გაზეთი ბათუმელები/ნეტგაზეთი, ონლაინგამოცემა პუბლიკა, ონლაინგამოცემა ტაბულა, ტელეკომპანია კავკასია, ტელეკომპანია ფორმულა, ტელეკომპანია პირველი, პალიტრა NEWS, რადიო პალიტრა, On.ge და რადიო ფორტუნა) პროფესიული მოვალეობის შესრულების პროცესში იქცნენ”, – წერია განცხადებაში.

ე.წ. კრებსები მოიცავს ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებულ ინფორმაციას, რომლის ავთენტურობა უკვე არაერთმა ადამიანმა დაადასტურა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share