უკრაინის შს მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის შესაბამისი სამსახურები ემზადებიან ნებისმიერი სცენარისთვის, რაც შესაძლოა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განვითარდეს.
დენის მონასტირსკიმ განაცხადა, რომ ამჟამად ელექტროსადგურზე ადეკვატური კონტროლი არ ხორციელდება:
“ამჟამად, სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არ არსებობს ადეკვატური კონტროლი ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოქმედებებზე. დღეს ის რეალურად არა მხოლოდ მტრის, არამედ უვიცი სპეციალისტების ხელშია, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ ტრაგედიის დაშვება. იმ უკრაინელი სპეციალისტებს, რომლებიც იქ დარჩნენ, ნაწილობრივ არ უშვებენ იმ ადგილებში, სადაც უნდა იყვნენ. მოგეხსენებათ, დღეს სადგურის ტერიტორიაზე იმყოფება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ტექნიკა და ეს ყველაფერი საფრთხის უმაღლეს დონეზეა შეფასებული. “ – თქვა მონასტირსკიმ.
მინისტრის განცხადებით, უკრაინის მთავრობამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიმართა, რომ უზრუნველყოს სათანადო კონტროლი აღნიშნულ ელექტროსადგურზე.
“შეგახსენებთ, რომ ეს არის ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური, რომელსაც აქვს ექვსი ელექტროსადგური. ძნელი წარმოსადგენია რა მასშტაბის ტრაგედია შეიძლება მოხდეს, თუ რუსები იქ დარჩებიან. სადგურის ბოლო დაბომბვის შემდეგ ჩვენ დავრწმუნდით, რომ მათთვის შემაკავებელი საშუალებები არ არსებობს. ისინი მზად არიან ნებისმიერი ქმედებისთვის, მიუხედავად შედეგებისა” – განაცხადა უკრაინის შს მინისტრმა.
მინისტრის თქმით, დღეს შსს, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურთან და რეგიონის ადმინისტრაციასთან ერთად, განიხილავს სხვადასხვა სცენარს, მათ შორის მიმდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაციას.
შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსებმა გუშინაც დაბომბეს. ენერგოსადგურის ზონა სამხედრო ბაზად გამოაცხადეს, რეაქტორიდან რამდენიმე ასეულ მეტრში კი საზენიტო სარაკეტო სისტემები დაამონტაჟეს.
უკრაინა ამტკიცებს რომ ოკუპანტები უკრაინულ პოზიციებს სწორედ ატომური სადგურის ტერიტორიიდან უტევენ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი ატომური ენერგო სადგურის ტერორიზმის მიზნით გამოყენებაში დაადანაშაულა.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადება მოითხოვა, რაზეც რუსულმა მხარემ უარი განაცხადა.