ომი უკრაინაში გაჭიანურებულ ფაზაში გადავიდა, რომელიც, დიდი ალბათობით, მიმდინარე წლის ბოლომდე არ დასრულდება,- ამის შესახებ ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა ჯიმ ჰოკენჰალმა BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუს ოკუპანტებს შეექმნათ ერთდროულად რამდენიმე კრიტიკული პრობლემა. პრობლემებს შორის არის დაბალხარისხიანი სარდლობა, მართვა და რუსების ლოჯისტიკური უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა ჯარის წარუმატებლობა უკრაინაში.
დაზვერვის უფროსის აზრით, უარყოფითი გავლენა მოახდინა რუსეთის არმიის ქმედებებში პოლიტიკური ჩარევის გავლენამ, როგორც სტრატეგიულ, ისე ტაქტიკურ დონეზე. ჰოკენჰალმა აღნიშნა, რომ გარდა ამისა, არ არსებობს ნდობა რუსეთის ფედერაციის პოლიტიკოსებსა და სამხედროებს შორის.
მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგობის ძალამ და დასავლეთის ერთიანობამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.