“ვიმეორებ – სავაჭრო ურთიერთობები დღეს საქართველოს რუსეთთან აქვს”

“სავაჭრო ურთიერთობები დღეს საქართველოს რუსეთთან აქვს, ისევე, როგორც აქვს ევროპის პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს”, – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე საქართველოს გავლით რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელ ახალ საბორნე გადასასვლელთან დაკავშირებით.

სარჯველაძე ირწმუნება, რომ ახალი გზის გახსნა სანქცირებული ტვირთის საქართველოში შემოტანის რისკს არ გაზრდის, რადგან ეს საკითხი “კონტროლდება”.

“სანქცირებული ტვირთი შემოვიდეს, გავიდეს თუ როგორ არის, ეს სრულიად სხვა ინსტრუმენტებით კონტროლდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სავაჭრო ურთიერთობები დღეს საქართველოს რუსეთთან აქვს, ისევე, როგორც აქვს ევროპის პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს. ეს ბორანი და ასე შემდეგ არის მხოლოდ ერთ-ერთი ტექნიკური სატრანსპორტო საშუალება ტვირთბრუნვისთვის, მაგრამ რისკები, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს სანქცირებული საგნების ტარებას, არ გულისხმობს მხოლოდ ერთადერთი სატრანსპორტო საშუალებით ამ რისკების გაჩენას”, – ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

შეგახსენებთ, რუსეთმა შესაძლოა, საერთაშორისო სანქციებისგან თავის ასარიდებლად საქართველო აქტიურად გამოიყენოს. ამის შესაძლებლობას კი ოკუპანტს ქვეყანას ის დერეფანი აძლევს, რომელიც საქართველომ სომხეთის მოთხოვნით გახსნა. რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი საბორნე გადასასვლელის მომზადება უკვე დასკვნით ეტაპზეა. საზღვაო გზა უახლოეს დღეებში ამოქმედდება. ასე ტვირთებით ერთმანეთს რუსეთი სომხეთს დაუკავშირდება, გამტარი კი საქართველო ამჯერად შავი ზღვის გამოყენებით გახდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share