თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მცხოვრები, 27 წლის შალვა პეტრიაშვილი, თურქეთში საოპერაციოდ იყო გადაყვანილი.
ახალგაზრდას ექიმებმა მძიმე დაავადება – აორტის განშრევება, თორაკო-აბდომინალური აორტის ანევრიზმა, მარფანის სინდრომი და გულის უკმარისობა დაუდგინეს.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, შალვა პეტრიაშვილის საოპერაციო თანხა, 67 ლარი საზოგადოების მხარდაჭერით შეგროვდა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„შალვას მდგომარეობა დღითი დღე რთულდებოდა, კარგავდა გადაადგილების უნარს, უჭირდა სუნთქვა. საზოგადოების დახმარებით თანხა გროვდებოდა, მაგრამ მაინც ასეთი მძიმე შედეგი დადგა. შალვას დედაც ერთი წლის წინ, ანევრიზმით გარდაიცვალა. გულუბრყვილოდ მგონია, იქნებ დედა რომ ჰყოლოდა გვერდით, კარგად ყოფილიყო-თქო. ძალიან კარგი და საყვარელი ბიჭი იყო“, – ამბობს ახლობელი.
შალვა პეტრიაშვილი საქართველოში უკვე გადმოასვენეს.