ხელისუფლება “ანტიდემოკრატიული ოპოზიციის” ჩანაცვლებას აპირებს

ქართული ოცნება ოპოზიციურ პარტიებს სადამსჯელო ღონისძიებებს უანონსებს. მმართველი გუნდის ლიდერები ამტკიცებენ რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ანტიდემოკრატიული ოპოზიციური პარტიები სხვა პარტიებმა ჩაანაცვლონ. ვის ემუქრება ოცნება ჯერჯერობით ღიად არ ამბობენ, თუმცა სავარაუდოა რომ სადამსჯელო ღონისძიება შეეხება ყველა იმ პარტიას ვისზეც მმართველი გუნდის გავლენა არ ვრცელდება.

„რაც თქვა არჩილმა, ეს აბსოლუტურად ნორმალური რამ არის. ხელისუფლება დაინტერესებულია ამით და ხელისუფლებას თავი რომ დავანებოთ, პირადაც მეც, როგორც მოქალაქე, ვისურვებდი, რომ ქვეყანას ოპოზიციაში ჰყავდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც იქნება პასუხისმგებლიანი” ამბობს “ოცნების” დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე. 

ოპოზიციაში ფიქრობენ რომ ხელისუფლება ოპოზიციური ველის გასუფთავებას ცდილობს, რათა დემოკრატიული ქვეყნის იმიტაცია შექმნას და ოპონენტებადაც საკუთარი სატელიტი პარტიები აქციოს.

ეს მცდელობა რუსულ რეჟიმს წლების განმავლობაში აქვს და ოლიგარქი ივანიშვილი, როცა საფუძველს უყრიდა ოლიგარქიულ რეჟიმს, არც მალავდა და საუბრობდა, რომ მას უნდა აღეზარდა ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოება, რაღაცა სკოლაც გახსნა, თავისი ტელევიზიაც ჰქონდა. უნდოდა, რომ ოპოზიციური ველი ყოფილიყო გაუდაბნოებული და ამ ველზე შემოსულიყვნენ ის სუბიექტები, ვინც დაექვემდებარებოდა ოლიგარქიის პოლიტიკურ მუსიკას” ამბობს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია. 

განცხადება ამ თემაზე მმართველი პარტიიდან არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. პასუხად თალაკვაძეს, “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ დღეს ურჩია “ამ ბოდვას თავი დაანებოს”.

თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა „ანტიდემოკრატიული პარტიები ჩაანაცვლონ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა“.

“საქართველო აღარასდროს დაუბრუნდება ქუჩის და დესტაბილიზაციის პოლიტიკას. ჩვენ როგორც ხელისუფლება, გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გაგრძელდეს დემოკრატიული რეფორმები და რადიკალური ანტისისტემური, ანტიდემოკრატიული პარტიები ჩაანაცვლონ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც ჩვენი საზოგადოება აირჩევს შემდეგ არჩევნებში,“ – განაცხადა თალაკვაძემ გუშინ, 12 აგვისტოს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადების კომენტირებისას.

ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ოლიგარქიულ რეჟიმს “საკუთარი ოპოზიციის” შექმნაში მისივე გამოყოფილი ოთხეულიც დაეხმარება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share