2021 წლის თხილის მოსავლიდან 5,000 ტონამდე გაუყიდავი დარჩა – მიზეზი

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის, რატი კოჭლამაზაშვილის ინფორმაციით, 2021 წლის თხილის მოსავლიდან 5,000 ტონამდე გაუყიდავი დარჩა. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა და განმარტა, რომ ეს თხილის ფასის შემცირების გამო მოხდა.

მისი თქმით, თხილზე ფასის შემცირების მთავარი მიზეზი თურქეთის ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურებაა, რამეთუ თურქეთი თხილის უმსხვილესი ექსპორტიორია და საერთაშორისო ბაზარზე ფასების ფორმირებაზე უდიდესი გავლენა აქვს.

„გასული მოსავლიდან 5-6% კიდევ არის დარჩენილი, რაც დაახლოებით 5 000 ტონამდე თხილია. ეს განაპირობა იმან, რომ გაზაფხულზე ფასი საკმაოდ დაბალი იყო. თხილის გაიაფების მიზეზი თურქეთში ფასის ვარდნაა. მოგეხსენებათ, ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა. საერთაშორისო ფასი დოლარში დგება და თურქეთი 70%-ის მიმწოდებელია, აქედან გამომდინარე, მსოფლიოში თხილის ფასს თურქეთი ადგენს. სწორედ ეს არის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი იმის, რომ შარშანდელთან შედარებით წელს თხილის ფასი მნიშვნელოვნად შემცირებულია“, – აცხადებს კოჭლამაზაშვილი

თურქული ლირის გაუფასურების გარდა, ფერმერთა ასოციაციაში ქართულ თხილზე ფასის შემცირების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად მისი ხარისხის გაუარესებასაც მიიჩნევენ. რატი კოჭლამაზაშვილის თქმით, ქართული თხილის ხარისხი თურქულისას წელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ამის მიზეზი უხვნალექიანი სეზონის გამო აგროკალენდრით გათვალისწინებული დაგვიანებული ღონისძიებებია. პრობლემად რჩება ასევე აზიური ფაროსანა და სოკოვანი დაავადებები.

„ხარისხობრივი ფაქტორი თხილის ფასზე მნიშვნელოვნად აისახება. გასული სეზონი, მოსავლის აღების დროს საკმაოდ ნალექიანი იყო, რამაც ტენიანობა განაპირობა, შემდეგ განვითარდა ბაქტერია. აფროტოქსინის შემცველობა, როგორც წესი, ასეთ დროს იზრდება. ამ ყველაფერმა ძალიან დიდი პრობლემა შექმნა და თხილის ხარისხზე იმოქმედა. არსებული რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მნიშვნელოვანია, ფერმერებმა აგროტექნოლოგიით განსაზღვრული ყველა ღონისძიება დროულად და ხარისხიანად ჩაატარონ“, – აღნიშნა კოჭლამაზაშვილმა

ცნობისთვის, დღეს ქართულ ადგილობრივ ბაზარზე გაუტეხავი თხილის ფასი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30-35% ით ნაკლებია. თხილის ღირებულება 2-3 ლარიდან იწყება და ხარისხის გათვალისწინებით, 4-5 ლარამდე ადის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share