როგორ დაიწყო კავკასიის ერთი-ერთი ყველაზე სისხლიანი კონფლიქტი – ქართულ-აფხაზური ომი. როგორია იმ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი, რომლებმაც ქვეყანა ომამდე მიიყვანა; როგორია მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
ჩვენ ვთხოვეთ ქართველ და აფხაზ ექსპერტებს – პაატა ზაქარეიშვილს და ინალ ხასიგს გაეხსენებინათ აფხაზეთის ომის 20 ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. ორი ვერსია, ორი ხედვა კონფლიქტის ორივე მხრიდან – რა არის საერთო და განსხვავებული. ნახეთ JAMnews-ის პროექტი თბილისიდან და სოხუმიდან
საბჭოთა პერიოდში აფხაზეთი იყო ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში. სსრკ-ს დაშლის შემდეგ აფხაზეთმა საქართველოდან გამოყოფის და დამოუკიდებელი ქვეყნად არსებობის სურვილი გამოთქვა, რასაც ეწინააღმდეგებოდა თბილისი – აფხაზეთი უნდა დარჩენილიყო ავტონომიურ რესპუბლიკად დამოუკიდებელი საქართველოს ფარგლებში.
ომის დაწყების თარიღად 1992 წლის 14 აგვისტო ითვლება, ხოლო კონფლიქტის სამხედრო ფაზის დასასრულად – 1993 წლის 27 სექტემბერი. ომი საქართველოს შეიარაღებული ძალების დამარცხებით დასრულდა. სხვადასხვა წყაროების თანახმად, 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 300 ათასი დევნილად და იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. მათი უმეტესობა ეთნიკურად ქართველია, ისინი დღესაც ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში.
1994 წელს, მოსკოვში, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის შუამავლობით, მხარეებმა ხელი მოაწერეს „შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და ძალების განთავისუფლების შესახებ“. ამ შეთანხმების მასშტაბური დარღვევები დღემდე სამჯერ – 1998, 2001 და 2008 წლებში დაფიქსირდა.
2008 წლამდე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში განლაგებული იყო დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალები, სრულად დაკომპლექტებული რუსი სამხედროებით. კონფლიქტის ზონაში და აფხაზეთის ტერიტორიაზე ასევე მუშაობდა გაეროს სადამკვირვებლო მისია.
2008 წლის აგვისტოში, სამხრეთ ოსეთის გარშემო ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარა. მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა.რუსეთის გარდა, აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ „მესამე სამყაროს“ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა.
აფხაზეთი თავის ცხოვრებას აწყობს როგორც დამოუკიდებელ რესპუბლიკა და მომავალსაც დამოუკიდებლობაში ხედავს. საქართველო აფხაზეთს თავის რეგიონად მიიჩნევს, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული. საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთს საქართველოს შემადგენლობაში შემავალ სეპარატისტულ რეგიონად მიიჩნევს.
„ჯემნიუსი“