გარკვეული პოლიტიკოსები დეპოლარიზაციისკენ მოგვიწოდებენ და ამავდროულად გამოდიან და ამბობენ, რომ დამთავრდა ყველაფერი რევოლუციის დროა _ ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
“სახელისუფლებო ძალა შეასრულებს იმ 12 რეკომენდაციის 11/5 პუნქტს რაც მათზეა დამოკიდებული და იმედი გვაქვს, ამ ნახევარ პუნქტს შეასრულებს ოპოზიცია, რომელიც მათზეა დამოკიდებული და რომელიც წერია რეკომენდაციებში. ჩვენ ახალ წლამდე 11/5 პუნქტს შევასრულებთ. დეპოლარიზაციისკენ მოგვიწოდებენ და პარალელურად ვიღაცეები გამოდიან ამბობენ, რომ ამ ჯგუფში მუშაობა არ შეიძლება, ეს რეკომენდაციები მათ არ უნდა აღასრულონ და უნდა აღასრულონ იმ ხალხმა, რომელიც ხელისუფლებაში არ არის, რაც თავისთავად, ნონსენსია. ამავდროულად გარკვეული პოლიტიკოსები გამოდიან და ამბობენ, რომ დამთავრდა ყველაფერი რევოლუციის დროა,”-აცხადებს დავითულიანი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი, რომელიც სასამართლო რეფორმაზე მუშაობს, დღეს მორიგ სხდომას გამართავს. სასამართლოს გადატვირთულობა, მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა, საპროცესო ვადების დაცვა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების გადახედვა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პარლამენტის მიერ არჩევის კვორუმის გადახედვა და დისციპლინური საკითხები – ეს არის იმ თემების ჩამონათვალი რაზეც ჯგუფი იმსჯელებს. სისტემაში არსებული პრობლემების ამსახველი დოკუმენტი და რეკომენდაციები დეპუტატებს უკვე წარუდგინა დამოუკიდებელმა იურისტების ჯგუფმა.