ყურძნის ფასი წელს 90 თეთრი იქნება – ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ენმ-ს წევრი, გიორგი ბოტკოველი საუბრობს და ამბობს, რომ “ქართული ოცნება” გლეხების წინაშე ყოველ წელს დანაშაულის ჩადის.
“ხელისუფლება ყოველწლიურად, მავნებლურად, პირადი, კერძო ინტერესებიდან გამომდინარე აწესებს ტარიფებსა და ფასებს. წელსაც, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ 2022 წელს ყურძნის მინიმალური და მაქსიმალური ფასი იყოს 90 თეთრი” რას აკეთებს ამით? ზრდის ინტერესს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებთან, მათ შორის ადიკო ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებთან, მაგალითად ‘’ბოლერო’’. რაც პირდაპირ კავშირშია მათ კორუფციულ საქმიანობასთან.” –ამბობს გიორგი ბოტკოველი.
დეპუტატის თქმით, ამით ხელისუფლებას სურს მინიმალურ ფასად მიიღოს ყურძენი, რათა აწარმოოს სპირტი და შემდეგ მიიღოს მილიონობით შემოსავალი.
“2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა თელავის ცენტრში განაცხადა, რომ როდესაც ყურძნის მინიმალური ფასი იყო 1 ლარი, ეს იყო კახელი გლეხის დაცინვა და ფასი უნდა ყოფილიყო მინიმუმ 2 ლარი და მეტი. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ მიიღონ შესაბამისი ზომები. ყურძნის ფასი უნდა იყოს მინიმუმ ერთი ლარი და 50 თეთრი, რათა გლეხმა უბრალოდ თავი გაიტანოს”- თქვა ბოტკოველმა.