ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კიდევ ერთი კომპანია აჭარის შესყიდვებიდან 5 მილიონიან სარგებელს იღებს – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მაჟორიტარის, ანზორ ბოლქვაძის ოჯახთან და ნათესავებთან დაკავშირებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.
“შპს „როდამ” დაფუძნებიდან – 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებით 4,891,873 ლარი მიიღო. ჯამური თანხის ნახევარზე მეტი (2,611,087 ლარი) გამარტივებული შესყიდვებიდან, უკონკურენტო ტენდერებიდან და შესყიდვებში კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მიღებული შემოსავალია.
101 მოგებული ტენდერიდან 99 შემთხვევაში ხელშეკრულებები ხულოში, ქედაში, ხელვაჩაურში, ბათუმში, ქობულეთსა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში გაფორმდა, მხოლოდ 2-ჯერაა შემსყიდველი აჭარის გარეთ მდებარე წალკის მუნიციპალიტეტი. მხოლოდ წელს, 1 აგვისტომდე შპს “როდამ” მიიღო 1,073,537 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები, რაც ამ კომპანიის მიერ სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული თანხის 22%-ს შეადგენს.” ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
„როდა” ანზორ ბოლქვაძის ბიძაშვილის, ავთანდილ ბოლქვაძის შვილის, დავით ბოლქვაძის კომპანიაა. დავით ბოლქვაძე კომპანიის დაფუძნების დღიდან – 2013 წლის 16 მაისიდან ფლობს 100% წილს და მისი დირექტორია.