პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ქართულ მართლმსაჯულებას არ აქვს ექსპერიმენტების დრო. მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზად არის საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშაონ ცვლილებები.
“ჩვენი სწორება უნდა იყო, თუ ცვლილებების საჭიროება იქნება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით ვიმუშაოთ და განვახორციელოთ ცვლილებები. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება და უფლება, რომ ქართული სასამართლო სისტემა, ქართული საკანონმდებლო სივრცე ვაქციოთ საცდელ ობიექტად. ჩვენ ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს. ჩვენ მზად ვართ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შევიმუშაოთ შესაბამისი ცვლილებები,”-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფებმა, რომელიც სასამართლო რეფორმაზე მუშაობს, დღეს მორიგ სხდომა გამართეს. სასამართლოს გადატვირთულობა, მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა, საპროცესო ვადების დაცვა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების გადახედვა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პარლამენტის მიერ არჩევის კვორუმის გადახედვა და დისციპლინური საკითხები- ეს არის იმ თემების ჩამონათვალი რაზეც ჯგუფმა იმსჯელა- სისტემაში არსებული პრობლემების ამსახველი დოკუმენტი და რეკომენდაციები დეპუტატებს დამოუკიდებელმა იურისტების ჯგუფმა წარუდგინა.