ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ცნობით, პოპასნაში „ვაგნერის“ ბაზაზე უკრაინელთა თავდასხმის შედეგად სამხედრო დაჯგუფების 100-ზე მეტი წევრია ლიკვიდირებული, მათ შორის „ვაგნერის“ დამფუძნებლის, სერგეი პრიგოჟინის მოადგილეები.
ტელემარათონის ეთერში სერგეი გაიდაიმ უარყო ინფორმაცია, რომ დაღუპულთა შორის თავად ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინიცაა.
„სამწუხაროდ, „პუტინის მზარეულთან“ დაკავშირებით სასიხარულო ამბავი არ არის, თუმცა მისი მოადგილეები და დაჯგუფების 100-ზე მეტი წევრია ლიკვიდირებული“, – განაცხადა გაიდაიმ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა „ვაგნერის“ შტაბს ოკუპირებულ პოპასნაში 14 აგვისტოს დაარტყეს.
თავდასხმის შესახებ პირველი ინფორმაცია ჟურნალისტმა დენის კაზანსკიმ გაავრცელა.
„სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შტაბი „ჰაიმარსის“ ზუსტმა დარტყმამ გაანადგურა. „ვაგნერელების“ დისლოკაციის ადგილი გაამჟღავნა რუსმა სამხედრო კორესპონდენტ-დეგენერატმა, რომელმაც თავის ტელეგრამ არხზე ფოტოები გამოაქვეყნა,“ – დაწერა ჟურნალისტმა ფეისბუქზე.
8 აგვისტოს რუსი სამხედრო კორესპონდენტმა სერგეი სრედამ ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა ფოტოები და პოსტი, რომლის თანახმადაც ის “ვაგნერის” ერთ-ერთ დანაყოფს სტუმრობდა.
სრედას ფოტოებზე შენობის მისამართიც ჩანდა – მირონოვსკაიას #12. გამოცემა “უკრაინაისკა პრავდას” ცნობით, მოგვიანებით ჟურნალისტმა პოსტი წაშალა, თუმცა ირწმუნებოდა, რომ მისამართი თავად “ვაგნერის”თანხმობით გაამხილა.
მთავარი ფოტო: ვაგნერელების შტაბი პოპასნაში, რომელსაც ჯერ კიდევ კვამლი ასდის