“ვიტრინა რუსმა ტურისტებმა დაამსხვრიეს… გატყდა ერთ-ერთი ექსპონატი – მარაო… თვითონ მაშინვე გაიქცნენ”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე ანა მარშანია წერს და მისი დის მონაყოლს იხსენებს, რაც მისი თქმით, 13 აგვისტოს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭაძის მუზეუმში მოხდა.
ჩემმა დამ, შაბათს, წინანდალში დასვენებისას, ალ. ჭავჭავაძის სასახლის ერთ-ერთი სივრცის დათვალიერებისას ნახა ალექსანდრეს ოქროს საათი, ნინოს მარაო და პერანგის საკინძეები. კვირას, განმეორებით, უფრო საფუძვლიანად სტუმრობისას შენიშნა, რომ ეს ვიტრინა ცარიელი იყო და დაინტერესდა, სად წაიღეს ექსპონატები? გიდმა აუხსნა, რომ ეს ვიტრინა რუსმა ტურისტებმა დაამსხვრიეს. გიდის თქმით, რუს ტურისტებს ბავშვი თოკზე (რომლის იქით გადასვლა არ შეიძლება) დაუსვამთ, ბავშვი ქანაობდა, მერე უკან გადავარდნილა და ვიტრინა ჩამსხვრეულა.
გიდის თქმით, ისეთი ზრიალი იყო, ეგონათ შენობა ჩამოიქცა და შემთხვევის შედეგად გატყდა ერთ-ერთი ექსპონატი – მარაო. (ეს ყველაფერი მერე აალაგეს და შეინახეს).
მუზეუმის თანამშრომლებმა კვირას, ჩემს დას უთხრეს, რომ მთელი ყურადღება ექსპონატებზე გადაიტანეს და ამიტომ ტურისტებს ყურადღება ვერ მიაქციეს, რომლებიც მაშინვე გაიქცნენ! ამან როგორც ჩემი დის, ასევე სხვა იქ მყოფი პირების აღშფოთება გამოიწვია, რადგან, რანაირად უნდა გაგექცეს მუზეუმიდან ოჯახი, რომელიც ექსპონატების ვიტრინას დაგილეწავს?! თან, სასახლის მერე, იმხელა ეზოა გასავლელი, ვინც წინანდალში ნამყოფია, კი მიხვდება, რამხელა უნიათობასთან გვაქვს საქმე.
აქვე, გიდმა ჩემს დას და მასთან ერთად მყოფებს ისიც უთხრა, რომ შიშობდნენ ყველაფერი მათ არ დაბრალებოდათ.
ამბის გაგრძელება გაინტერესებთ?
დღეს ჩემმა კოლეგამ დარეკა წინანდლის მუზეუმში, სადაც ამ ყველაფრის მერე, ჟურნალისტს უთხრეს, რომ “არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ვიტრინას შემთხვევით მიეჯახა ბავშვი, რუსი ტურისტები არსად გაქცეულან, ყველაფერი გავარკვიეთ და დალაგდა. ექსპონატები არ დაკარგულა, არც დაზიანებულა, ისინი რაშიც დაცული იყო, მხოლოდ ის ვიტრინა დაიმსხვრა, გადავრჩითო…“
ვინც ეს ამბავი ვიცოდით, დღის პირველი ნახევარი იმაზე ვნერვიულობდით, რა ცუდია, რომ რუსმა ტურისტებმა ვიტრინა დაამსხვრიეს, რა ცუდია, რომ მარაო გატყდა, რა ცუდია, რომ რუსები კურდღლებივით გაიქცნენ და რა ცუდია, რომ მუზეუმმა ეს ადამიანები ვერ შეაკავა.
დღის მეორე ნახევარში, მუზეუმის პასუხის მერე კი იმაზე ვნერვიულობთ, რა კოშმარია, როცა ასეთი დაშინებული ხარ, იმალები, ხელს აფარებ და ამბობ, რომ “ისეთი არაფერი მომხდარა”… – წერს ანა მარშანია სოციალურ ქსელში.