2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოში შემცირდა როგორც შინაური ცხოველების, ასევე ფრინველის რაოდენობა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 1.8 პროცენტით შემცირდა და ერთი მილიონი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 470.9 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.0 პროცენტით აღემატება.
ამასთან, ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 23.0 პროცენტით შემცირდა და 954.6 ათასი სული შეადგინა.
ღორის რაოდენობა 194.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 5.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8.2 პროცენტით შემცირდა და 11.1 მილიონი ფრთა შედგინა.
რაც შეეხება პროდუქციის წარმოებას, 2022 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 200.0 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.0 პროცენტით მეტია. ხორცის წარმოებამ 17.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 167.7 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.3 პროცენტით აღემატება.
bpn.ge