„ოცნება“ თავისი რუსული კრიმინალური მენტალობიდან გამომდინარე მე აღმიქვამს მოღალატედ და “ჩამშვებად”, – წერს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი „ფეისბუქში“. სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოება სიმართლეს მალე გაიგებს.
„ოცნება“ თავისი რუსული კრიმინალური მენტალობიდან გამომდინარე მე აღმიქვამს მოღალატედ და ჩამშვებად. ვერ ხვდებიან, რომ ამით ისინი ადასტურებენ ჩემს მიერ გაჟღერებულ კრიმინალურ ფაქტებს. დიახ, თქვენ ხართ კრიმინალები და სახელმწიფო დამნაშავეები, რომლებიც ღალატობთ თქვენს ქვეყანას, ხოლო მე ვარ თქვენი სიბინძურის მამხილებელი თავის ტკივილი“, – აცხადებს სოსო გოგაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი სახლიდან, სასამართლოს განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია, პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები.