კოლექტიური დასავლეთი მიზანმიმართულად ანადგურებს ევროპის უსაფრთხოების სისტემას, ნატო აღმოსავლეთისკენ მიიწევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
„ე.წ. კოლექტიური დასავლეთი მიზანმიმართულად ანადგურებს ევროპის უსაფრთხოების სისტემას, აყალიბებს ახალ სამხედრო ალიანსებს. ნატო-ს ბლოკი მიიწევს აღმოსავლეთით, ავითარებს სამხედრო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ახორციელებს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განლაგებას და ზრდის თავდასხმითი ძალების შესაძლებლობას“, – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, დასავლეთი სიტყვებით „ფარისევლურად საუბრობს“ ევროპაში უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობაზე, მაგრამ რეალურად პირიქით ხდება.
„რუსეთის მიერ გასული წლის დეკემბერში წარმოდგენილი წინადადებები უსაფრთხოების ორმხრივი ზომების შესახებ, კიდევ ერთხელ უბრალოდ უგულებელყვეს“, – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, დასავლეთი ცდილობს აიძულოს დამოუკიდებელი სახელმწიფოები მის ნებას დაემორჩილონ.
„აშშ და მისი ვასალები უხეშად ერევიან სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში, აწყობენ პროვოკაციებს, სახელმწიფო გადატრიალებებს, სამოქალაქო ომებს. მუქარით, შანტაჟითა და ზეწოლით ცდილობენ აიძულონ დამოუკიდებელი სახელმწიფოები დაემორჩილონ მათ ნებას, იცხოვრონ მათთვის უცხო წესებით და ეს ყველაფერი კეთდება ერთი მიზნისთვის – დომინირების შესანარჩუნებლად“, – განაცხადა პუტინმა.
მისი მტკიცებით, დასავლეთს კონფლიქტები ჰეგემონიის შესანარჩუნებლად სჭირდება, რის გამოც მან უკრაინას „საზარბაზნე ხორცის ბედი“ მოუმზადა.
„ჰეგემონიის შესანარჩუნებლად მას (დასავლეთს) სჭირდება კონფლიქტები. სწორედ ამიტომ უკრაინელ ხალხს საზარბაზნე ხორცის ბედი მოუმზადა. განახორციელეს ანტირუსული პროექტი, დახუჭეს თვალი ნეონაცისტური იდეოლოგიის გავრცელებაზე დონბასის მცხოვრებლების ხოცვა-ჟლეტაზე, აავსეს და ავსებენ კიევის რეჟიმს იარაღით, მათ შორის მძიმე იარაღით“, – აღნიშნა პუტინმა.