მოდელირებული ძარცვა სპარში – აღმოჩნდა, რომ დაკავებული მძარცველები და მაღაზიის თანამშრომელი მეგობრები არიან

იმიტირებული ძარცვა თბილისში – 12 ივლისს ,,სპარის” ერთ-ერთ ფილიალში, რომელშიც 2 კონსულტანტი იმყოფებოდა, დილის 6 საათზე დანით შეიარაღებული 2 პირი შეიჭრა.

ძარცველებმა ფული და რამდენიმე კოლოფი სიგარეტი წაიღეს. ყაჩაღური თავდასხმის ორივე მონაწილე პოლიციამ უკვე დააკავა. 23 წლის ადალათ მუსაევი და 18 წლის ელნურ ბაირამოვი ახლა წინასწარ პატიმრობაში არიან.

ამ ამბავში უცნაური ერთი დეტალია – ორივე მძარცველი სპარის იმ თანამშრომლის ახლო მეგობარია, რომელიც თავდასხმის ღამეს მორიგეობდა. ირკვევა, რომ სპარის თანამშრომელმა, ნურლან ბაირამოვმა, თავდასხმის გეგმაზე ყველაფერი წინასწარ იცოდა. მეტიც – დაკავებული ახალგაზრდების ოჯახები ამტკიცებენ, რომ ძარცვის მთავარი ორგანიზატორი სპარის თანამშრომელი იყო.

ყველაფერი ნურლანის დაგეგმილია. მან წაიყვანა ჩემი შვილი თბილისში, მან აჩვენა მაღაზიაც და ახლა ამბობს, რომ არაფერ შუაში არაა. მას პროკურატურაში გარკვეული აქვს ყველაფერი და ამიტომ არავინ ეხება. სხვა შემთხვევაში, გაუგებარია, როგორ შეიძლება ის დაკავებული არ იყოს.– აცხადებს დაკავებული ადალათ მუსაევის მამა.

სპარის თანამშრომელს ხელს მეორე დაკავებულის ოჯახიც ადებს. 18 წლის ბიჭის ბებია ამბობს, რომ მისი შვილიშვილი თბილისში ნამყოფიც კი არასდროს არის. ეს ოჯახიც, ძარცვის გეგმის შედგენაში ნურლან ბაირამოვს ადანაშაულებს.

 ჩემი შვილიშვილი მხოლოდ 18 წლის არის. მას არასოდეს დანაშაული არ ჩაუდენია. ის შეაცდინეს და აიყოლიეს. ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა, ახლა თავისუფალია, შეცდომაში შეყვანილი ბავშვი კი ციხეში ზის. ნურლან ბაირამოვის მშობლები მიკრძალავენ ამ თემაზე ლაპარაკს, დამემუქრნენ კიდეც – თუ არ გავჩუმდები, კარგი ამბავი არ მოხდება.–  განაცხადა ელნურ ბაირამოვის ბებიამ.

დაკავებული თავდამსხმელების გარდა, ნურლან ბაირამოვს ხელს ის ადამიანიც ადებს, ვინც ძარცვის ღამეს სპარში მასთან ერთად მუშაობდა. კონსულტანტი ტვ პირველს უყვება, რომ მისი მარნეულელი თანამშრომლის ქცევა საეჭვოდ ეჩვენებოდა.

ნურლან ბაირამოვის წინააღმდეგ ჩვენებების მთელი კასკადის მიუხედავად, პროკურატურა დანაშაულის ნიშნებს, როგორც ჩანს, ვერ ხედავს.

ორივე დაკავებული ახალგაზრდის ადვოკატს ახლა ბევრი კითხვა აქვს. საქმეში არსებული ჩვენებების, ასევე მიმოწერის ასლების მიუხედავად, პროკურატურა ცდილობს, სპარის თანამშრომელს პასუხისმგებლობა აარიდოს. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ეს პროკურატურაში მფარველების დამსახურებაა.

სპარის თანამშრომელი ძარცვის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მან გამოძიებას რამდენიმე ურთიერთ გამომრიცხავი ჩვენება მისცა. თავდაპირველად ამბობდა, რომ თავდამსხმელებს საერთოდ არ იცნობდა, შემდეგ კი ეს გადათქვა.

ნურლან ბაირამოვმა რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსია „პირველებთან“ ინტერვიუს დროსაც გააჟღერა. სპარის თანამშრომელი და ორი დაკავებული ბავშვების მეგობრები არიან, ისინი სოფელ აზიზქენდში გვერდიგვერდ ცხოვრობენ.

დაკავებულებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share