აშშ-ისა და მისი პარტნიორების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენება არ შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არ ეხება დროებით ოკუპირებულ ყირიმს – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, რომ არ გამოვიყენებთ იმ იარაღს, რომელიც მოგვაწოდეს აშშ-მ და მისმა პარტნიორებმა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მაგრამ თუ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაზე, მტერი არის, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს ასეთი შეზღუდვები“, – თქვა რეზნიკოვმა.
ცნობისთვის, პენტაგონის პრესსამსახურის ინფორმაციით, აშშ-ისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა, რამშტაინის ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შემდეგი შეხვედრის დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხები სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს. მათივე ცნობით, ორი ქვეყნის მინისტრებმა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების გადაუდებელ და გრძელვადიან საჭიროებებზეც ისაუბრეს.
“თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი უკრაინელ კოლეგა ოლექსი რეზნიკოვს ესაუბრა, რათა განეხილათ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების გადაუდებელი და გრძელვადიანი საჭიროებები“, – აღნიშნულია პენტაგონის ინფორმაციაში.
მინისტრმა რეზნიკოვმა ამერიკელ კოლეგას უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებული დინამიკის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.