“მთავარი არხის” დილის გადაცემის წამყვანი ლაშა ნაკაიძე პოლიციამ დააკავა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მას სამართალდამცავები ოჯახში ძალადობას, გაუპატიურების მცდელობასა და მუქარას ედავებიან.
ლაშა ნაკაიძის წინააღმდეგ საქმე სამი მუხლით არის აღძრული: 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა), 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა ოჯახის წევრის მიმართ) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა) ქვეპუნქტით.
“მთავარი არხი” დილის გადაცემის წამყვანის დაკავებას სპეციალური განცხადებით ეხმიანება. არხი აცხადებს, რომ პოლიციას ამ დანაშაულის შესახებ მათმა სხვა თანამშრომელმა შეატყობინა – გამოიკითხა ქალი და მისი ჩვენების საფუძველზე ტელეწამყვანი დააკავეს.
“ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, “მთავარი არხი” ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას”, – აცხადებენ “მთავარ არხში”.
radiotavisupleba.ge