ამ თვეში უკვე მეორედ, ლუიზიანიდან გერმანიის როსტოკის პორტის მიმართულებით ამერიკული ნავთობით დატვირთული მეორე ტანკერი დაიძრა, ინფორმაციას სააგენტო “როიტერსი” ავრცელებს. ტანკერს, რომლის სახელწოდებაცაა Ise Princess 570, ათასი ბარელი ნავთობი გადააქვს.
ამერიკულმა, ნორვეგიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და დასავლეთ აფრიკიდან ექსპორტირებულ ნავთობთან ერთად, ევროპაში “Дружба“-ს მილსადენით მიწოდებული რუსული ნავთობი უნდა ჩაანაცვლოს. ევროკავშირი წლის ბოლომდე რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის 90 პროცენტით შემცირებას აპირებს.
მექსიკის ყურეში მოპოვებული Mars-ის მარკის ნავთობი შემადგენლობით რუსული Urals-ის მსგავსია. აგვისტოს დასაწყისში გერმანიის როსტოკის პორტში შეტანილი ამერიკული ნავთობი Schwedt-ის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოში უკვე შევიდა. საწარმოს უდიდესი წილის მფლობელი რუსული Роснефть-ია. Роснефть-მა გასულ კვირას გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ გერმანიაში საწვავის ფასები, საზღვაო გზით შემოტანილი ნავთობის მაღალი ფასის გამო, გაიზრდებოდა.
ივნისის დასაწყისიდან აშშ-ში წარმოებული ნავთობის ფასი ბარელზე 122 დოლარიდან 87 დოლარამდე შემცირდა, ხოლო წარმოებამ თითქმის 12 მილიონ ბარელ ნავთობს მიაღწია, რაც 2021 წლის დასაწყისის მაჩვენებელთან შედარებით, 20 პროცენტით მეტია. მიმდინარე წლის ივნისში შეერთებულმა შტატებმა ნავთობის რეკორდული მოცულობის ექსპორტი განახორციელა – დღეში დაახლოებით 3,5 მილიონი ბარელის მოცულობით. აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ფედერალური ადმინისტრაცია ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის ზრდას პროგნოზირებს.