სატრანსპორტო და საყოფაცხოვრებო მომსახურების საერთაშორისო IT პლატფორმა „ინდრაივერი“ ბათუმში იწყებს მუშაობას. ზაფხულის დასაწყისში სერვისი წარმატებით ამოქმედდა თბილისში, სადაც მომხმარებელს შიდასაქალაქო, საქალაქთაშორისო და საკურიერო მომსახურებას სთავაზობს. სხვა ქვეყნებსა და საკურორტო ქალაქებში წარმატებული გამოცდილებიდან გამომდინარე, კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ბათუმში სერვისზე დიდი მოთხოვნილება იქნება როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ასევე ტურისტებში.
„ინდრაივერის“ განსხვავებული ფუნქციაა ის, რომ მგზავრობის ღირებულებასა თუ სხვა დეტალებზე მგზავრი და მძღოლი ერთმანეთში უშუალოდ ეთანხმებიან. ეს შეთანხმება საბოლოოა და არ იცვლება მანძილის, ამინდისა თუ გზის გადატვირთულობის გამო.
არჩევანის თავისუფლება ყველა მომხმარებელს აქვს: მგზავრს შეუძლია მძღოლის არჩევა რეიტინგის, ავტომობილის მარკისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით.
მძღოლები აგრეთვე ირჩევენ, თუ რომელ შეკვეთას გამოეხმაურონ. მათი არჩევანი დამოკიდებულია მგზავრის მიერ შეთავაზებული შეკვეთის ფასზე, მარშრუტსა და მგზავრის რეიტინგზე. თუ მძღოლისათვის, ფასის გარდა, ყველაფერი ხელსაყრელია, მას შეუძლია საპასუხოდ სასურველი ფასი შესთავაზოს.
მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით ან „საქართველოს ბანკისა“ თუ „თიბისი ბანკის“ ანგარიშზე გადარიცხვით. ბათუმში მომუშავე მძღოლებს სერვისის მომსახურების მოსაკრებელს „ინდრაივერი“ ჯერჯერობით არ ართმევს, ხოლო ასეთის ამოქმედების შემთხვევაში, არ აღემატება 10%-ს.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, როგორც კომპანიაში განმარტავენ, „ინდრაივერის“ უსაფრთხოების სისტემა აწყობილია პრინციპებზე, რომლებითაც სარგებლობენ ამ სფეროს წამყვანი მოთამაშეები. საყოველთაოდ მიღებული ორმხრივი შეფასებისა და რეიტინგის სისტემის გარდა, კომპანია აგროვებს სხვა სახის მონაცემებს (მათ შორის ახდენს მომხმარებელთა ვერიფიკაციას ტელეფონის ნომრის მიხედვით) და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ამ მონაცემების სამართალდამცავ ორგანოებში წარდგენა.
ცნობისთვის, “ინდრაივერი” საერთაშორისო მსხვილი კომპანიაა, რომელიც 45 ქვეყანაში ოპერირებს და მას 100 მლნ-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. კომპანია 2013 წელს დაარსდა.
bm.ge