კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად შეცვალა. გლობალური ეკონომიკის არაერთ დარგს უდიდესი ზიანი მიადგა, მილიონობით ადამიანი კი სამსახურის გარეშე დარჩა.
გამოცემა The Conversation-ის მიხედვით, ეკონომიკის აღდგენა ყველაზე სწრაფი ტემპით ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ შეძლეს, რადგან მათ ვირუსის გავრცელების შეჩერება მოახერხეს და ეკონომიკური ცხოვრებაც მალევე აღდგა. 2021 წლის პროგნოზით, ჩინეთის ეკონომიკა 8%-ით გაიზრდება.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ პანდემიით შექმნილი მდგომარეობით ყველაზე დიდი სარგებელი ჩინეთმა ნახა. ექსპერტების ვარაუდით, ჩინეთის მზარდი ეკონომიკა აშშ-ს დაახლოებით 5 წელიწადში გადაუსწრებს, რაც პანდემიით შექმნილმა მდგომარეობამაც დააჩქარა.
რაც შეეხება დასავლეთის ქვეყნებს, მათმა ეკონომიკამ პანდემიის გამო მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მძიმე პანდემიის მეორე ტალღაა, რა დროსაც ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ს რეგულაციების თავიდან დაწესება მოუწია. ეკონომისტების აზრით, 2022 წლამდე ევროპის ქვეყნების ეკონომიკა იმაზე 5%-ით ნაკლები იქნება, ვიდრე პანდემიის არარსებობის შემთხვევაში იყო მოსალოდნელი.
დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით კიდევ უფრო მეტ ზარალს განიცდიან განვითარებადი ქვეყნები. მათი ჯანდაცვის სისტემები პანდემიასთან გამკლავებას 2021 წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, ვერ შეძლებენ.