იანვარ-ივლისში საქართველოში ექსპორტი 36.4%-ით, იმპორტი კი 34.8%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10,188 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.3% მეტია.

გასული წლის იანვარ-ივლისთან შედარებით ექსპორტი 36.4%-ითაა გაზრდილი და 3,100 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, იმპორტი კი 34.8%-ით გაიზარდა და 7,087 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, მიმდინარე წლის იანვარ- ივლისში, 3,986 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.1%-ია.

წელს ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1,521 მლრდ აშშ დოლარი), რუსეთი (1,214 მლრდ აშშ დოლარი) და ჩინეთი (1,094 მლრდ აშშ დოლარი).

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 621.0 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 370.8 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 354.3 მლნ აშშ დოლარით (11.4%-ით).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 759.7 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.7% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 718.8 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 10.1%), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 490.9 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6.9%).

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share