შემოდგომაზე იქნება გააფთრებული მცდელობები, რომ როგორმე ტემპერატურა ასწიონ. „ცხელი გაზაფხულისა“ და „ცხელი შემოდგომის“ დაანონსების გზით – სეზონის გიჟებად ჩამოყალიბდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას ანარქია და უბედურება არ უნდა, ამას უნდა აცნობიერებდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც რამდენიმე წელია პოლიტიკაში არიან და ამდენს ვერ ხვდებიან, ეს მათი პრობლემაა. ამის გამო აგებენ არჩევნებს და მერე გაბრაზებულები არიან სხვაზე და სინამდვილეში ეს არის მათი წარუმატებლობისა და არასწორად დაგეგმილი კამპანიის მიზეზი.
როდესაც მოქალაქეებს სთავაზობენ, რომ ეკონომიკური ზრდა გაქვს ქვეყანაში, მაგრამ მაინც რაღაცები უნდა დავანგრიოთო, ამას რა თქმა უნდა ვერავინ აჰყვება, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ მასობრივი პროტესტის შემთხვევაში ბევრი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება, მათ შორის შენობების აღება.