უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კომენტარი გააკეთა გუშინ ღამით, მოსკოვის ოლქში მომხდარ აფეთქებაზე, რომლის დროსაც კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა გარდაიცვალა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ამ საქმესთან კიევს კავშირში არ აქვს, რადგან უკრაინა კრიმინალური და მით უმეტეს ტერორისტული სახელმწიფო არ არის.
“ხაზს ვუსვამ, რომ უკრაინა, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია ამ საქმესთან, რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, რომელიც არის რუსეთის ფედერაცია, და მით უმეტეს, ტერორისტული სახელმწიფო”, – თქვა პოდოლიაკმა.
მისი აზრით, ეს მკვლელობა რუსეთის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლასა და სხვადასხვა ჯგუფის გავლენის შესახებ მოწმობს. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელი პროგნოზირებს, რომ ამ ყველაფერს რუსეთის ხელისუფლება გამოიყენებს საკუთარ საზოგადოებაზე იდეოლოგიური და ინფორმაციული ზეწოლის გასამძაფრებლად, რათა გაიზარდოს უკრაინის მიმართ სიძულვილის ხარისხი, ასევე შიდა იდეოლოგიური სივრცის რადიკალიზაცია.
აღსანიშნავია, რომ წამყვანმა რუსმა პროპაგანდისტებმა, კერძოდ, ვლადიმერ სოლოვიოვმა და მარგარიტა სიმონიანმა, დარია დუგინას სიკვდილის გამო, უკრაინის მიმართ ანგარიშსწორება უკვე მოითხოვეს.