რუსული მედიასაშუალება РЕН ТВ წერს, რომ მოსკოვის რაიონში, ფესტივალის პარკინგზე, სადაც დარია დუგინას მანქანა იყო გაჩერებული, ორი კვირის განმავლობაში ვიდეოკამერები არ მუშაობდა. ამის შესახებ გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ცნობისთვის, დარია დუგინა საკუთარ ავტომობილში 20 აგვისტოს, გვიან ღამით ააფეთქეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერაქტი თავად პუტინის პროპაგანდისტის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი, თუმცა დუგინი ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ტერაქტი დაგეგმილი იყო. ოფიციალური კრემლი არაფერს ამბობს, მაგრამ მათთან დაკავშირებული წყაროები მომხდარში უკრაინას ადანაშაულებენ. ოფიციალური კიევი კი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
ცნობისთვის, დარია დუგინა მხარს უჭერდა ომს უკრაინაში და პირადი კომუნიკაცია ჰქონდა ე.წ “დონბასის სახალხო ლაშქრის” მებრძოლებთან. ომის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო, ის დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის მიერ სანქცირებული იყო.