ბათუმის აგრარულ ბაზარში 2,5 ტონა ხორცი დალუქეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმის აგრარული ბაზარში 2,5 ტონა ხორცი დალუქეს. შემოწმების შედეგად ხორცის სარეალიზაციო ობიექტებში გამოვლინდა შეუსაბამობები, როგორიცაა  სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცის რეალიზაცია ვეტერინარული ნიშანდების გარეშე, ტან-ხორცის არასათანადო დანაწევრება, როცა არ იყო მოცილებული ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი მაღალი რისკის პათოგენური მასალა.

“სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამართალდამცავების ჩართულობით, გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები – დაილუქა და განადგურდა 2,5 ტონა საეჭვოდ მიჩნეული ხორცი, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ბაზარში ჩატარდა დასუფთავებისა და რეცხვა-დეზინფიცირების სამუშაოები”, – წერია უწყების განცხადებაში.

ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში შემოწმდა 800-მდე ობიექტი, მათ შორის, სასაკლაოები და ხორცის სარეალიზაციო ობიექტები. დაილუქა 10 000კგ-მდე ხორცი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share