აზერბაიჯანმა და სომხეთმა ტექნიკით დახმარება შემოგვთავაზეს, თუმცა ტექნიკა ჩვენც გვყავს, მაგრამ გაჩერებული გვყავს. ისეთი რელიეფია ფიზიკურად ვერ ვამუშავებთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბორჯომში, სტიქიის ზონაში ყოფნისას განაცხადა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს სახანძრო თვითმფრინავები არ ჰყავთ, თორემ ისინი ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში დაგვეხმარებოდნენ.
მინისტრის განცხადებით, სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავებით თურქეთის მხარე გვეხმარება, რისთვისაც მან მეზობელ სახელმწიფოს მადლობა გადაუხადა.
“დღეს ქარი იყო და ვერტმფრენებს მუშაობა ძალიან უჭირდათ. დილით რამდენიმე საათი იმუშავეს, თუმცა ქარში ვეღარ მუშაობდნენ. აქედან გამომდინარე, ავიაციამ (სახანძრო თვითმფრინავებმა) მაქსიმალურად მაღალ დონეზე იმუშავა და შედეგიც სახეზეა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გუშინდელთან შედარებით ბევრად დაბალია ცეცხლი. დღეს შედარებით მეტი ქარი იყო, ვიდრე გუშინ.
აზერბაიჯანმა და სომხეთმა ტექნიკით დახმარება შემოგვთავაზეს, თუმცა ტექნიკა ჩვენც გვყავს, მაგრამ გაჩერებული გვყავს. ისეთი რელიეფია ფიზიკურად ვერ ვამუშავებთ. სახანძრო თვითმფრინავი დიდი ფუფუნებაა და არ ჰყავთ, თორემ დაგვეხმარებოდნენ. სახანძრო თვითმფრინავი ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება და ყველა სახელმწიფოს არ ჰყავს, აქედან გამომდინარე, ახლო მომავალში არ ველოდებით, რომ სხვა ქვეყნიდან თვითმფრინავი ჩამოვა. ევროპაშიც არის ხანძრები სხვადასხვა ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, ყველას თავისი გაჭირვება აქვს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.