ხულოში 15 წლის მოსწავლე 8 თვის ორსულია, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას TV-25 ავრცელებს.
მომხდარი ფაქტის შესწავლა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო.
TV-25-თან ფაქტი სკოლის პედაგოგმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ბავშვი ამ ეტაპზე მძიმე ემოციური ფონის ქვეშაა.
“მე რიგითი პედაგოგი ვარ და ვინ მეკითხება, სავარაუდოდ ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირი ჰქონდა ბავშვს. სკოლას პოლიციისთვის არ მიუმართავს”, – აცხადებს პედაგოგი.
ირკვევა, რომ მომხდარის შესახებ სკოლის ადმინისტრაცია ინფორმირებული იყო, თუმცა აქ პოლიციისთვის და სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიმართვა საჭიროდ არ ჩათვალეს. უფრო მეტიც, სკოლის დირექტორს არ აინტერესებს რა მდგომარეობაშია ახლა მისი მოსწავლე.
“ბავშვი ხშირად არ დადიოდა სკოლაში, ეს ამბავი გვიან გავიგეთ, მაგრამ მაინც არ დავინტერესებულვარ. დიდად არ მსიამოვნებს მაგ თემაზე საუბარი, მეტს ვერაფერს გეტყვით”, – უთხრა TV-25-ს სკოლის დირექტორმა.