“ქართული ოცნების” წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, გაკვირვებულია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იმ განცხადებით, „თითქოს “სამართლიანმა არჩევნებმა” შეცდომის შესახებ საზოგადოებას დაუყოვნებლივ ამცნო”.
როგორც იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეცდომის შესახებ ორგანიზაციამ მხოლოდ მაშინ განაცხადა, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” ფალსიფიკაციას მიაგნო”.
“საკმაოდ გაკვირვებული ვიყავი, როცა ამერიკის ელჩმა თქვა, რომ თითქოს, “სამართლიანმა არჩევნებმა” შეცდომის შესახებ საზოგადოებას დაუყონებლივ ამცნო. ვიცით, რომ მათი მხრიდან ეს მხოლოდ 41-ე დღეს მოხდა და თან მაშინ, როცა “ქართულმა ოცნებამ” ფალსიფიკაციას მიაგნო და ამის შესახებ არგუმენტები წარუდგინა საზოგადოებას. ამის შემდეგ, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი იძულებული იყო ამ შეცდომაზე ესაუბრა, რომელიც გარკვეული გარემოებების შემდეგ საეჭვო გახდა, რომ ეს იყო შეგნებული და არა – მექანიკური. რაც შეეხება ყოფილი თანაგუნდელების განცხადებას, მათ წერილზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, იმის თქმა, რომ ISFED-მა ხმების დათვლის პროცესი მიზანმიმართულად გააყალბა, რეალობის დამახინჯებაა. “როგორც კი შეცდომა დადასტურდა და აღმოჩნდა, ის გასაჯაროვდა ისე, რომ მოქალაქეებს გაეგოთ, რა მოხდა. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. ასე რომ, ვფიქრობ, იმის თქმა, რომ ეს გამიზნულად მოხდა ან ის რაიმე რევოლუციური სცენარის ნაწილი იყო, რეალობის დამახინჯებაა“, – აღნიშნა ელჩმა.
რაც შეეხება “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების მორიგ განცხადებას, ისინი კვლავ საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს პასუხობენ და აღნიშნავენ, რომ ელჩის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები „მორიგი აღიარებითი ჩვენებაა“.
“კელი დეგნანი „ნაცმოძრაობის“ მეშვეობით შემოგდებული მესიჯებით გველაპარაკება – საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას”,- აცხადებენ დეპუტატები.