პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი და გამარჯვებული- ივანიშვილი

“ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები.“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

„ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში, ჯერ კიდევ 2011 წელს, როდესაც დარწმუნებული ვიყავი ქართველი ხალხის განწყობასა და გამარჯვებაში, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მოიქცეოდა დამარცხებული ძალა, ნიჭიერებაზე ზოგადი საუბრისას, გამოვთქვი მოსაზრება, რომ არანაირი ცალკე აღებული უნარი, აზროვნების სისხარტე, განათლება, პროფესიის უბადლო ფლობა და მიზანდასახულობა არ შეიძლება ჩაითვალოს ნიჭიერებად. როდესაც ადამიანის მოქმედებას თან არ ახლავს მორალური თვითშეზღუდვის ინსტინქტი და ამოსავალ წერტილად არა საზოგადოებრივი სიკეთე, ხალხისა და ქვეყნის მსახურება, არამედ ყველაფრის ფასად საკუთარი სურვილებისა და ვნებების დაკმაყოფილება დაუსახავს, ვერ უწოდებ ნიჭიერს.  მაშინ ამის ახსნას მცირემიწიანი გლეხის მაგალითზე შევეცადე, რომელიც ისე ირჯება საკუთარ ეზოში, რომ მეზობელი არ შეაწუხოს. ის თანდაყოლილი ტაქტით, შინაგანად გრძნობს უხილავ საზღვარს კერძო და საზოგადო ინტერესს შორის. ეს არის მისი ღირსებით აღსავსე დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. ეს არის მისი ნიჭი. სწორედ ამიტომ არ მჯერა „ბოროტი გენიის“. მე მწამს, რომ ნიჭი მხოლოდ სიკეთის თესვით, ოჯახთან, სამშობლოსთან, სამყაროსთან ჰარმონიაში ვლინდება. მას კი, ვინც დაცლილია ამ უნარისგან, ვინც არა თუ მეზობელს, ქვეყანასაც არაფრად აგდებს და მზად არის ქვა-ქვაზე არ დატოვოს, ოღონდ საკუთარი, კერძო ინტერესი დაიკმაყოფილოს, მხოლოდ უნიჭო შეიძლება ეწოდოს.  დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო ვრწმუნდები ამ შეფასების სისწორეში. სამწუხაროდ, განვლილმა წლებმა დამარწმუნა, რომ უნიჭობა პირდაპირ კავშირშია უტიფრობასა და ღირსების არქონასთან – უღირსებობასთან. ნიჭის დეფიციტს მავანი ისეთი უტიფარი ქცევით ავსებს, რომ ბოლოს ღირსებას კარგავს, რაც ადამიანური სახის დაკარგვის ტოლფასია. თუმცა, ეს ყველაფერი ეთიკის საკითხია და მისი გადმოტანა ქართულ პოლიტიკაზე, რომელშიც ზნეობა ანაქრონიზმად და დასაცინ გულუბრყვილობადაა შერაცხული, ზოგჯერ უმადურ საქმედაც მეჩვენება.  არადა, სწორედ უნიჭობის, უტიფრობის და ღირსებაზე უარის თქმის ნათელი გამოვლინებაა ყველა ის „საქმენი“, რასაც ოპოზიციისგან ვხედავდით მთელი ეს წლები და რაც, სრული სიცხადით, 31 ოქტომბრის შემდეგ დავინახეთ – „მერე რა, რომ დავმარცხდით?!  მერე რა, რომ არ გაყალბებულა?!  მერე რა, რომ არცერთი საპირისპირო მტკიცებულება არ გაგვაჩნია?!  მერე რა, რომ ჯიუტად არ გვსურს უბნების გადათვლა, არც კენჭისყრის ამსახველი ვიდეომასალის შემოწმება და თან ურცხვად გავურბივართ დებატებს „ქართულ ოცნებასთან“, რომელმაც ეს ყველაფერი არაერთგზის შემოგვთავაზა?! მერე რა, რომ მთელმა მსოფლიომ აღიარა ხალხის სამართლიანი არჩევანი?!  მერე რა, რომ უკლებლივ ყველა მეგობარი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ვაღიაროთ იგი?!  არა!

ჩვენ მძევლად ავიყვანთ სახელმწიფოს და ხალხს, მის მშვიდობას და სტაბილურობას და იქამდე ვარყევთ ქვეყანას, ვიდრე ჩვენსას არ გავიტანთ და დამარცხებულებს გამარჯვებულად არ გამოგვაცხადებთ. ანდა, ისეთ კრიზისში შევიყვანთ პანდემიის ფონზე დასუსტებულ ეკონომიკას, ისე დავამშევთ და გავაბოროტებთ ხალხს, რომ მხარი დაგვიჭიროს ამბოხებაში. ჩვენ გვინდა ძალაუფლება, ეს ძალაუფლება გვინდა დღეს და ეს ძალაუფლება უნდა მივიღოთ ყველაფრის ფასად, თუნდაც ქვა ქვაზე არ დარჩენილა“,- ნათქვამია წერილში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share