მოსკოვისა და ლენინგრადის ოლქებში რესეთი ფარულ მობილიზაციას ატარებს, რომელიც სულ უფრო აქტიური ხდება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო იუწყება. ინფორმაციას „უკრინფორმი“ ავრცელებს.
მობილიზაციის კურატორები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. მოსკოვის ოლქში ამ პროცესს გუბერნატორი ანდრეი ვორობიოვი კურირებს, რომელიც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია. ის ამ თანამდებობას 2012 წელიდან იკავებდა, მანამდე კი მოსკოვის ოლქის გუბერნატორი სერგეი შოიგუ იყო.
მობილიზაციის ფარგლებში ამ რეგიონში აქტიური სარეკლამო კამპანია მიმდინარეობს, რისთვისაც მედია და ინტერნეტ-გამოცემები გამოიყენება. წვევამდელი ასაკის ახალგაზრდებს სთავაზობენ 3-დან 12 თვემდე კონტრაქტის გაფორმებას და თვეში 240 ათასი რუბლის (4 ათასი აშშ დოლარის) ოდენობის ხელფასს.
კონტრაქტების გაფორმება 1 სატანკო არმიის ბაზაზე, ოდინცოვოში ხდება. ამის შემდეგ მომზადება იწყება, რომელიც 10 დღიდან 1 თვემდე პერიოდს მოიცავს. ძირითადი ყურადღება სატანკო ეკიპაჟების მომზადებაზეა გამახვილებული. შემდეგ კი მომზადება ლენინგრადის ოლქის დასახლება სერტოლოვოში გრძელდება.
როგორც უკრაინული დაზვერვა იუწყება, ომში წასვლის მსურველთა არარსებობის გამო რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ახალი ქვედანაყოფების ფორმირება ვერ მოახერხეს.